არასამთავრობოები: ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა საფრთხეშია
არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „უფლებები საქართველომ“ 22 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და ხელისუფლებას მისი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისთვის „ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ზომის“ მიღებისკენ მოუწოდეს.
არასამთავრობოებმა ბებუას ოჯახისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, მას სამედიცინო შემოწმება დაკავებიდან 8 თვის შემდეგაც კი არ გაუვლია, „რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს“.
უფლებადამცველების განცხადებით, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და პირების „ილუზორული დაპირებების გამო“, ბებუას და მის ოჯახს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის საშუალება წაერთვათ, რაც „მას საკუთარი უფლებების და უსაფრთხოების მყისიერი დაცვის შესაძლებლობას მისცემდა“.
მათივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის არარსებობის მიუხედავად, სახელმწიფოს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარების პოზიტიური ვალდებულებები ეკისრება, რაც „სამწუხაროდ…, სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის“.
„[შედეგად], სახელმწიფოს მცდელობები კვლავ ფრაგმენტული [და] სუსტი რჩება“, – აღნიშნეს უფლებადამცველებმა.
ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველ ირაკლი ბებუა ადგილობრივი მთავრობის შენობის წინ, აფხაზეთის დროშის ფერებში გამოფენილი ბანერის დაწვისთვის 30 სექტემბერს დააკავეს. ამ დღეს ოკუპირებული რეგიონი „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავდა. მის ქმედებას აფხაზეთში სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღშფოთება მოჰყვა. ზოგმა ბებუას რეგიონიდან გაძევება, ზოგმაც კი – მისი სიკვდილით დასჯაც მოითხოვა. ბებუას 8 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ასევე წაიკითხეთ:
- არასამთავრობოები ირაკლი ბებუას უსაფრთოხებისთვის საჭირო ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ
- აფხაზი ომბუდსმენი გალში მცხოვრებ ქართველთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)