კარანტინის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეები სახდელებისგან გათავისუფლდებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოქალაქეები პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი სახდელებისგან გათავისუფლდებიან.
პრემიერმა ინიციატივა პანდემიით გამოწვეული „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით“ ახსნა და განმარტა, რომ ამნისტია ჯამში 245 000-ზე მეტ მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს შეეხება. „საუბარია დაახლოებით 76 მლნ ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე“, – დასძინა მანვე.
„ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარების შემსუბუქება“, – აღნიშნა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ ინიციატივაზე პარლამენტი „უმოკლეს დღეებში“ იმსჯელებს და დაამტკიცებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქე პირველ ჯერზე 20 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 40 ლარით ჯარიმდება. ამასთან, დახურულ სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვებისთვის იურიდიული პირი 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 1 000 ლარით ჯარიმდება. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარიანი ჯარიმა ეკისრება, წესების განმეორებით დარღვევა კი – სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ე.წ. კომენდატის საათი უქმდება, 22 ივნისიდან კი – გარე სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის.
არასამთავრობო სექტორის გამოხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც პანდემია არ დასრულებულა და „ვაქცინაციის თვალსაზრისით არაერთი პრობლემა ვლინდება“, „ამნისტიის გამოცხადება ბადებს ეჭვს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებით ან სხვაგვარი პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული“.
ორგანიზაციის განცხადებით, ამნისტიით სახელმწიფო მის მიერ გამოყენებული შეზღუდვების ლეგიტიმურობას თავადვე აკნინებს, ამასთან ეს გადაწყვეტილება „მნიშვნელოვნად წაახალისებს კოვიდ რეგულაციების დარღვევის ფაქტებს მომავალში“.
- კოვიდ-19-ის შესახებ ყველა სიახლისთვის მიჰყევით ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)