დავით ზალკალიანი ბრიუსელს სტუმრობს 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ცოტა ხნის წინ შექმნილი „ასოცირებული ტრიოს“ კიდევ ორ საგარეო საქმეთა მინისტრთან, უკრაინელ დმიტრო კულებასა და მოლდოველ აურელიო ჩოკოისთან ერთად, 23-24 ივნისს ბრიუსელს სტუმრობს. დღეს სამი მინისტრი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს შეხვდა და მოგვიანებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ჟოზეპ ბორელი მიესალმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა „ქმნის კავშირებს არა მხოლოდ ევროკავშირსა და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს შორის, არამედ თავად პარტნიორებს შორის“.

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე სამი ქვეყნის მიზანზე საუბრისას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის გაღრმავება შესაძლებელი იქნება, თუ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა სრულად აამოქმედებენ რეფორმებს იმ ძირითად სფეროებში, სადაც სწრაფი და ყოვლისმომცველი გაუმჯობესებაა საჭირო.

ბორელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის დეკემბრის სამიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გვსურს განვავითაროთ ურთიერთობები, რომლებიც ინკლუზიურობის და დიფერენცირების პრინციპებს დაეფუძნება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის საერთო მიზნის გარდა, სამი ქვეყანა საერთო გამოწვევების წინაშე დგას. „რუსეთთან მოუგვარებელი კონფლიქტები ევროპის უსაფრთოებისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება… და სერიოზული საფრთხე შეუქმნეს [სამი ქვეყნის] უსაფრთხოებას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა მან.

„რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ პარტიორობის რეგიონში ევროპის აღმოსალეთ საზღვრების მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია მოახდინა“, – განაცხადა ზალკალიანმა. მან რუსეთთან კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მზადყოფნა გამოხატა და აღნიშნა, რომ „ველით ევროკავშირის ფართო ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „დარგობრივ საკითხებზე“ დიალოგი განაგრძონ და გამონახონ შესაძლებლობები „ასოცირებული ტრიოს“ მეშვეობით სამ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ზრდისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამმა მინისტრმა „ტრიოსა“ და ევროკავშირს შორის დიალოგის შესახებ „ძალიან კონკრეტული წინადადებები“ წარადგინეს. „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ინიციატივა, რომელსაც ახალ დონეზე გადასვლა სჭირდება და მოახლოებული სამიტი შემობრუნების წერტილი იქნება“, – განაცხადა მან.

23-24 ივნისის ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი ასევე შეხვდა მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარს, დიდიე რეინდერსს. მხარეებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული სიტუაცია, ასევე საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების საკითხი განიხილეს. „დღევანდელ ჩემს შეხვედრაზეც მქონდა ამის შესახებ ძალიან მკაფიო საუბარი, თხოვნა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომ რუსეთის ფედერაციასთან მათი ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს ეს საკითხი დასმული“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)