ომბუდსმენმა პარლამენტში ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის ანგარიში წარადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 23 ივნისს პარლამენში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ 2020 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს და იმ ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა.
სიცოცხლის უფლება
გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2018 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 დასრულებული საქმის მასალები შეისწავლა და დადგინდა, რომ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემები, რაზეც მკურნალობა არ გაეწიათ პენიტენციურ დაწესებულებებში. „გამოძიება ინტერესდებოდა მხოლოდ გარდაცვალების მიზეზებით და არ უცდია იმის გარკვევა, რამდენად უტარდებოდათ პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზეც არის ყურადღება გამახვილებული და ნათქვამია, რომ საწყის ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. „ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა, თუმცა გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების შესაძლო უფლების დარღვევის ფაქტები“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ომბუდსმენი 2017 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის, ასევე ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში „გამოძიების მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა რიგი საკითხები“, ხოლო „[მეორე] საქმის ფარგლებში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმება კვლავ არ დასრულებულა“.
არასათანადო მოპყრობა, პენიტენციური სისტემა
ანგარიშის თანახმად, წინა წლების მსგავსად, 2020 წელსაც ერთ-ერთი „მნიშვნელოვანი გამოწვევა“ არასათანადო მოპყრობა იყო და ამ მიმართულებით ომბუდსმენის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა. მათგან 77 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, 60 პოლიციის თანამშრომლებს ეხებოდა. „ჩვენ მიერ შესწავლილი საქმეების (463 საეჭვო შემთხვევა) 34.3%-ში გამოიკვეთა დაზიანება დაკავებისას ან დაკავების შემდეგ. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში სახეზე გვაქვს დაკავებული მოქალაქეების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. კერძოდ, 2018 წელს იგივე მაჩვენებელი 26.8%, ხოლო 2019 წელს – 31.8% იყო“, – ნათქვამია დოკუმენტში.
„არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, ცემაზე. ავტომანქანის, როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ადგილზე, საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშშიც“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
პენიტენციური სისტემის კონტექსტში უპირველეს პრობლემად ომბუდსმენი „არაფორმალურ მმართველობას“ ასახელებს, რაც „დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის“. ომბუდსმენის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებით დადგინდა, რომ „პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის“ შესახებ.
„მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე, საქართველოს პროკურატურის ორგანოებს და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოს მსგავს საქმეებზე ეფექტიანი რეაგირებისა და პასუხისმგებელ პირთა დასჯის მოტივაცია არ ჰქონია“, – ნათქვამია ანგარიშში.
ომბუდსმენის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა პატიმართა ხანგრძლივი იზოლირებაც, ასევე „გრძელდება პატიმართა (მათ შორის, არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკა“.
ოკუპირებული ტერიტორიები
ანგარიშში ყურადღება ასევე გამახვილებულია საქართველო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებაზე, მათ შორის, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვით გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვაზე, რაც ადგილობრივებს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისა და შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების შესაძლებლობას ართმევს.
დოკუმენტში ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გადმოცურვით მოხვედრის მცდელობებზეც არის ყურადღება გამახვილებული, რასაც გასულ წელს რამდენიმე დამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ანგარიშში ასევე საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძის, ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას, რამაზ ბეღელურის, მირიან თაზიაშვილის და ხვიჩა მღებრიშვილის უკანონოდ დაკავების შემთხვევებზე.
სხვა საკითხებთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს შორის, დოკუმენტში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობაც არის დასახელებული.
შრომითი უფლებები
დოკუმენტში პარლამენტის მიერ 2020 წლის 30 სექტემბერს შრომის კოდექსში დამტკიცებული ცვლილებებიც არის შეფასებული და ხაზგასმულია, რომ „შრომითი ურთიერთობები დისკრიმინაციის მიმართ ამ საანგარიშო პერიოდშიც ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სფერო იყო“. ომბუდსმენის აპარატმა განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა მძიმე შრომით უფლებებზე გაამახვილა ყურადღება.
„2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დამხმარე სამედიცინო პერსონალი 40 საათზე მეტს მუშაობს და მათი 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია, ხოლო 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)