„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა საქართველოშია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინების – „სინოფარმისა“ და სინოვაკის დამატებით 500 000-500 000 დოზა უკვე საქართველოშია.
„ჩვენ ახლა ვართ მზად, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, – თქვა პრემიერმა და დაამატა, რომ ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად რეგისტრაციას მოქალაქეები უკვე ხვალიდან შეძლებენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ქვეყანაში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ დამატებით კიდევ მილიონი დოზა შემოვა. ამასთან, ივლისიდან ქვეყანა ეტაპობრივად „ფაიზერის“ მილიონ დოზასაც მიიღებს.
„ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 4 მლნ-მდე დოზას მივიღებთ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზრდასრული მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი წლის ბოლომდე“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.
პრემიერმა იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების პასუხისმგებლობის, აქტიურობასა და ჩართულობის „გადამწყვეტ მნიშვნელობასაც“ გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ „ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, ჩვენ გარშემო მყოფების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა“.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ჯამში სულ 266 161 პირია აცრილი. მათგან ვაქცინის ორივე დოზა 104 196 მოქალაქემ მიიღო. საქართველოს მთავრობა წლის ბოლომდე ქვეყნის საერთო მოსახლეობის (3.7 მლნ) 60%-ის აცრას გეგმავს.
2 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 607 გამოჯანმრთელდა, 8 გარდაიცვალა.
კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო
- საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა
- საქართველომ ჩინეთისგან „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო
- საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა
- საქართველომ კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)