კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ გაშლილი კარვები დაშალეს
რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრებილმა ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ აღმართული კარვები დაშალეს. იმ დროს, როდესაც რადიკალური ჯგუფები კარვებს ანადგურებდნენ, პოლიცია ადგილზე, ფაქტობრივად, არ იმყოფებოდა.
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარვები რამდენიმე თვის წინ მას შემდეგ გაშალეს, რაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით თებერვალში არჩევნების შემდგომი კრიზისი გამწვავდა.
ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი კარვების გარდა, კარვები ასევე ჰქონდათ გაშლილი მალხაზ მაჩალიკაშვილს, 2017 წლის დეკემბერში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას და დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას. ორივე მათგანი სამართლიან გამოძიებას ითხოვდა.
„ღირსების მარშის“ ჩაშლის მიზნით ულტრამემარჯვენე და კრემლთან დაახლოებულმა ჯგუფებმა თბილისის ცენტრში მობილიზება გუშინდელი დღიდან დაიწყეს. ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ რუსთაველის მეტროს მახლობლად კარვები გაშალა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რომელიც ასევე შენიშნეს რუსთაველის გამზირზე, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე უარესად მიიჩნევს. მისი თქმით, საქართველო მაინც დაიბრუნებს კონტროლს ამ რეგიონებზე, ხოლო პრაიდი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქართველი ხალხის მორალს, სულიერებასა და ტრადიციებს.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 3 ივლისს განაცხადა, რომ 5 ილისს ქაშუეთის ეკლესიაში პარაკლისი აღევლინება. საპატრიარქომ განაცხადა, რომ ,,პრაიდის“ მიზანი არის „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა“ და მოუწოდა მოსახლეობას, „მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)