მედია: უცხოელი მამაკაცი, სავარაუდოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაჭრეს 

თბილისში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის შედეგად უცხოელი მამაკაცი დაჭრეს. მედიის ცნობით, მიზეზი, მისი საყურე გახდა.

ინციდენტი კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მოხდა, რომელიც დღევანდელი ძალადობრივი მოვლენების ეპიცენტრიდან დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ მამაკაცი ტურისტი იყო და თავდამსხმელებს ის ჰომოსექსუალი ეგონათ.

მედიის ინფორმაციით, იგი, სავარაუდოდ, ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ დანით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქეა დაკავებული. პოლიციის ინფორმაცია არ ადასტურებს მონაწილეობდნენ თუ არა ინციდენტში სხვა თავდამსხმელებიც და იყვნენ თუ არა ისინი დღევანდელი კონტრაქციის მონაწილეები.

სამინისტროს განცხადებაში დაკავებულის ნათესავებზე დაყრდნობით  ნათქვამია, რომ თავდამსხმელს ფსიქიური პრობლემები აღენიშნება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)