ენგურის გამშვები პუნქტი გაიხსნა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 ივლისის განცხადებით, დაახლოებით ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ, ენგურის გამშვები პუნქტი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს, გაიხსნა.
5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი, ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. კორონავირუსის საბაბით 2020 წლის თებერვალში გამშვები პუნქტის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები 2021 წლის თებერვალში შემსუბუქდა და დანარჩენ საქართველოში მიმოსვლის შესაძლებლობა მხოლოდ მოხუცებს, პენსიონერებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს მიეცათ.
სუს-მა აღნიშნა, რომ მან ეს ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო. თავად სადამკვირვებლო მისია მიესალმა გამშვები პუნქტის გახსნას და მას დადებითი მოვლენა უწოდა, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას უზრუნველყოფს.
ენგურის გამშვები პუნქტი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფ ხაზზე მდებარე ერთადერთი გადასასვლელია.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულთათვის 5 დღიანი კარანტინი უქმდება
- ენგურში კიდევ ერთი გარდაცვლილი გალელი იპოვეს
- ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას ენგურში 3 გალელი დაიხრჩო
- სოხუმმა ენგურზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა
- COVID-19-ის გამო 14 მარტიდან სოხუმი ენგურის გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)