ოპოზიცია გუშინდელი ძალადობის ორგანიზებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 6 ივლისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ქართული ოცნების ხელისუფლება გუშინდელი ძალადობის „ორგანიზებასა“ და პროპაგანდირებაში“ დაადანაშაულეს. 

ცამეტმა ოპოზიციურმა პარტიამ და მოძრაობამ, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და სტრატეგია აღმაშენებელმა, განაცხადეს, რომ მმართველი პარტია „ანტიდასავლური, მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირე“ გახდა. „აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების შეცვლაზე და ამავდროულად ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ გამიჯვნა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასობრივი ძალადობის წინაშე“, – აღნიშნეს ოპოზიციურმა პარტიებმა და განაცხადეს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვეს, მათ დაცვაზე ხელი აიღეს და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულეს“. 

„დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებს და დაზარალებულებს აკისრებენ რითაც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

განცხადებას ასევე აწერენ ხელს: დროა, გირჩი – მეტი თავისუფლება, თავისუფალი დემოკრატები, პროგრესი და თავისუფლება, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, კანონი და სამართალი, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, სამართლიანობისთვის, გამარჯვებული საქართველო. 

ევროპულმა საქართველომ დღეს 20:00 საათისთვის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დააანონსა. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)