ოპოზიციამ, „თბილისი პრაიდმა“ და სამოქალაქო აქტივისტება თბილისში მდუმარე აქცია გამართეს
5 ივლისს, თბილისში, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ძალადობრივ აქციაზე 50-ზე მეტი ჟურნალისტის დაშავების შემდეგ, გუშინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციის მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ძალადობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ და მდუმარე აქცია გამართეს.
გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და ევროპულმა საქართველომ მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ გუშინ დილიდანვე მოუწოდეს. ოპოზიცია ქართული ოცნების ხელისუფლებას ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ძალადობრივი აქციის ორგანიზებასა და მათ წახალისებაში ადანაშაულებს.
გუშინდელ აქციას ლგბტ თემის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდიც“ შეუერთდა. აღნიშნა რა, რომ 5 ივლისი ქართული დემოკრატიისთვის „ძალიან რთული დღე“ იყო, ორგანიზაციამ მხარდამჭერებს, რომელთაც გაუქმების გამო „ღირსების მარშზე“ დასწრება ვერ შეძლეს, პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა.
„გუშინ, დაგეგმილ მარშზე გასვლა ვერ შევძელით, თუმცა პრაიდის სული დღეს პარლამენტთან მოვიტანეთ! ძალადობა ვერ გაიმარჯვებს საქართველოზე!“, – დაწერა Twitter-ზე ორგანიზაციის დირექტორმა, გიორგი თაბაგარმა.
Historic picture. Us in front of the Parliament of Georgia with 7,000 people ✊ pic.twitter.com/0P1eMhJmiB
— Tbilisi Pride (@TbilisiPride) July 6, 2021
მშვიდობიანი აქციის პარალელურად, კონტრაქციისთვის პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ქაშუეთის ეკლესიასთან, შეკრება დაიწყეს ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიულმა ჯგუფებმა და მათმა მხარდამჭერებმა, მათ შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი.
ორ პარალელურ აქციას ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები საპოლიციო ხაზების გარღვევასა და მშვიდობიან აქციაზე შეჭრას ცდილობდნენ. ასევე, ისინი მდუმარე აქციის მონაწილეების მისამართით სხვადასხვა ნივთს, მათ შორის, ხრეშით სავსე პლასტმასის ბოთლებს, ქვებსა და კვერცხებს ისროდნენ.
Tense moments now outside Parliament of Georgia, as homophobic groups are throwing stones against anti-violence, pro-queer rally & trying to break police lines.
📷Guram Muradov/Civil.ge pic.twitter.com/w6HASIzG9w
— Civil.ge (@CivilGe) July 6, 2021
მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია“.
მედიის ცნობით, კონტრაქციის მონაწილეთა და სამართალდამცველთა შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. შსს-მ ორივე აქციის მონაწილეებს ძალადობრივი მოწოდებებისა და ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
პოლიციამ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების არაერთი წარმომადგენელი დააკავა.
დაახლოებით 23:30 სთ-დან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხო კორიდორებით დატოვეს. ამის შემდეგ, ადგილი ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა დაიკავეს, მათ პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროპის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს. პოლიციას მათი ამ ქმედებისთვის ხელი არ შეუშლია.
ასევე წაიკითხეთ:
- ოპოზიცია გუშინდელი ძალადობის ორგანიზებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს
- „თბილისი პრაიდმა“ ღირსების მარში გააუქმა
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)