თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა ერგნეთში ირიგაციის თემაზე იმსჯელეს
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართული ტექნიკური შეხვედრის ფარგლებში, ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებთან მიმდინარე საირიგაციო სეზონზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფაზე იმსჯელა.
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, სიცხის გათვალისწინებით, მდინარეში წყლის დონე შემცირდა და, შესაბამისად, მხარეებმა სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის კუთხით წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
მისივე განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ხელმძღვანელობასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წლით მომარაგების შესახებ შეთანხმება ორი წლის წინ არის მიღწეული და ის კვლავ ძალაშია. ანთაძეს ტირიფონის სარწყავი მილი ჰქონდა მხედველობაში, რომლის სათავეც ოკუპირებული ცხინვალის მხარეს მდებარეობს და რომელიც სარწყავი წყლით ორივე მხარეს ამარაგებს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებულმა ცხინვალმა არხი დაკეტა, რის შემდეგაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მდებარე ათობით სოფელი წლების განმავლობაში სარწყავი წყლის გარეშე იყო დარჩენილი.
2020 წლის ნოემბერში თბილისის ოფიციალურმა წყარომ, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ 18 კმ სიგრძის მონაკვეთის გამწმენდი სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დაიწყო.
13 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 101-ე შეხვედრა უნდა გაიმართოს, სადაც ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ დააყენებს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხს. ირაკლი ანთაძის თქმით, აღნიშნულზე დღევანდელ შეხვედრაზეც იმსჯელეს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.
ასევე წაიკითხეთ:
- თბილისმა ცხინვალთან შეთანხმების შემდეგ, სარწყავი არხის რეაბილიტაცია დაიწყო
- ერგნეთში IPRM-ის მე-100 შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)