ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის მე-14 შეხვედრა
6 ივლისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის მე-14 შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე მიმართული ევროკავშირის პოლიტიკის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ შესახებ იმსჯელეს.
საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად დაგმეს 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმები სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე, რის გამოც ლგბტ თემის მიერ ორგანიზებული „ღირსების მარში“ იძულებით გაუქმდა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა და საქართველომ მხედველობაში მიიღეს საქართველოს დადასტურება, რომ მან ძალადობრივი თავდასხმების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო და სიძულვილის ენის, სიძულვილისა და შეუწყნარებლობისკენ წაქეზების აღსაკვეთად შემდგომი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
ბოლოდროინდელი მოვლენების გარდა, მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების წინაშე არსებული დაბრკოლებები, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავების საკითხი.
ევროკავშირმა 19 აპრილის შეთანხმების სრულად და დროულად განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ასევე მოუწოდა საქართველოს, „გაზარდოს ძალისხმევა, რათა დასრულდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმა, მათ შორის, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე“.
მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დიალოგის პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გათვალისწინებული არ არის, არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ წინასწარი კონსულტაციის ფორმატში, როგორც ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ისე თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ალტერნატიულ შეფასებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, საერთო პროგრესი „არათანაბარია“.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ყველა სფეროსთვის დამახასიათებელია ცვლილებების ფორმალური ხასიათი, „რეფორმები ტარდება, მაგრამ პრაქტიკული ცვლილებები ნაკლებად აისახება ბენეფიციარების კეთილდღეობაზე“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)