ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ივლისის განაცხადა, რომ 5 ივლისს, თბილისში, ულტრამემერჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულებიდან ორმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს, ერთმა ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორს, ერთმა კი – „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს.
დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 156-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, დევნასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
ამასთან, შსს-ს განცხადებით, კიდევ ერთ პირს, რომელიც 8 ივლისს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის საქმეზე დააკავეს, ბრალი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორზე ძალადობისთვისაც წარუდგინეს.
5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს სულ მცირე 53 ჟურნალისტი დაშავდა. შსს-მ ჯამში 19 პირი დააკავა, მათგან 16 ჟურნალისტებზე ძალადობისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ბრალდებით.
ასევე წაიკითხეთ:
- 5 ივლისის მოვლენებზე შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა
- შსს-მ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციაზე 102 პირი დააკავა
- შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე 3 პირი დააკავა
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)