5 ივლისს ულტრამემარჯვენეთა მიერ ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი გარდაიცვალა
„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს თბილისი პრაიდის ლგბტ მარშის მოწინააღმდეგე ულტრამემარჯვენეებმა სცემეს, გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 ივლისის დილით განაცხადა, რომ ლაშქარავას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. შსს-ის ცნობით, დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა.
„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს ულტრამემარჯვენეებმა თბილისი პრაიდის მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ პარლამენტის უკან მდებარე ოფისზე თავდასხმისას მაშინ სცემეს, როდესაც იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
მედიის ცნობებით, ამ თავდასხმის შემდეგ ლაშქარავას ტვინის შერყევა დაემართა, გაუტყდა სახის ძვლები და განუვითარდა მრავლობითი დაჟეჟილობა. ლაშქარავას საავადმყოფოში ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
5 ივლისს ლაშქარავასთან ერთად მომუშავე ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებდა, რომ „ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.
5 ივლისს ჰომოფობიურმა ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა სიტყვიერად და ფიზიკურად სულ მცირე 53 ჟურნალისტს იაყენეს შეურაცხყოფა. რამდენიმე ჟურნალისტი საავადმყოფოში მოხვდა. ამ დროისათვის პოლიციას 19 ადამიანი ჰყავს დაკავებული, მათ შორის, 16 ჟურნალისტებზე ძალადობისა და მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)