პრემიერი „ღირსების მარშზე“: „მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი პროპაგანდისტული მარშის“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღირსების მარშის“ ჩატარების მსურველი აქტივისტები გააკრიტიკა და თქვა, რომ „როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ“.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი“ და დასძინა, რომ „მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი“.
5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ საუბრისას, რომელიც ძალადობრივი კონტრაქციისა და სამართალდემცველი ორგანოების მხრიდან უსაფრთოხების გარანტიების არარსებობის გამო გაუქმდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ მოძრაობა „სირცხვილია“, რომელიც მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართება. მისივე თქმით, დაგეგმილი იყო „ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება“, რათა „სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და არ დავუშვით“, – ხაზი გაუსვა მანვე და დასძინა, რომ „ამ აღლუმის რუსთაველზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი“.
„რაც მოხდა, კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა და აშშ-სა და საფრანგეთში მომხდარი არეულობები დაიმოწმა.
ლგბტ თემის უფლებადამცველმა ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი, „ჰომოფობიურ“ და „ანტისახელმწიფოებრივ“ განცხადებად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ 5-6 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგბლობის სამოქალაქო აქტივისტებზე დაკისრებით, მათ მიმართ ძალადობა „კიდევ ერთხელ წაახალისა“.
„თბილისი პრაიდის“ შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილს „უკიდურესად პრიმიტიულად ესმის დემოკრატიის იდეა“. „დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, რომელშიც დაცული და გარანტირებულია უმცირესობის უფლებები, განურჩევლად მათი რასის, ეთნოსის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა!“, – ნათქვამია „თბილის პრაიდის“ განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი კობახიძის თქმით, „პრაიდის“ უკან „რადიაკალური ოპოზიცია“ დგას
- „თბილისი პრაიდმა“ ღირსების მარში გააუქმა
- შსს მოუწოდებს „პრაიდის“ აქტივისტებს საჯარო სივრცეში მარშის გამართვისგან თავი შეიკავონ
- ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსების მარშის“ ჩატარება „მიზანშეუწონელია“, მის უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)