RSF: ჟურნალისტის დაღუპვამ საქართველოში პრესის თავისუფლება კატასტროფის მიმართულებით წაიყვანა
„50 ჟურნალისტზე კოორდინირებული თავდასხმის შემდეგ, ალექსანდრე ლაშქარავას საეჭვო გარდაცვალებამ საქართველოში პრესის თავისუფლება კატასტროფის მიმართულებით წაიყვანა“, – განაცხადა 12 ივლისს მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ.
„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მისი გარდაცვალების გარემოებებსა და პოლიციის მიერ დაუცველი ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე მიუკერძოებელი, სრულყოფილი და გამჭირვალე გამოძიება აწარმოოს, გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობის ნაცვლად“, – განაცხადა კაველიემ.
იგი ასევე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტი, რომელიც ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, შესაძლოა, ნარკოტიკების ზედოზირებით დაიღუპა.
„ხელისუფლების პასიურობა ჰომოფობიური მოძრაობების მიერ ჟურნალისტების დაშინების მცდელობების მიმართ ძირს უთხრის ხელისუფლების მიმართ სანდოობას, რომელმაც არ უნდა დაუშვას დაუსჯელობა და ამ საქმეში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღოს“, – თქვა კაველიემ.
ასევე წაიკითხეთ:
- 5 ივლისს ულტრამემარჯვენეთა მიერ ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი გარდაიცვალა
- მედიაორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)