„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებას საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან
უცხოელმა ოფიციალურმა პირებმა, დიპლომატებმა და დეპუტატებმა „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურნენ და კიდევ ერთხელ დაგმეს 5 ივლისის ძალადობა, რა დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.
ქვემოთ რამდენიმე ასეთი კომენტარია მოცემული:
ან ლინდე – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს. ძალადობა ჟურნალისტებსა და ლგბტქ თემის წარმომადგენლებზე სრულიად მიუღებელია და უნდა დაიგმოს. დამნაშავეებმა კი – პასუხი უნდა აგონ“.
სიგრიდ კააგი – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: „შოკირებული ვარ ქართველი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, რომელსაც 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი პრაიდის ღონისძიებების დროს თავს დაესხნენ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია“.
ედგარს რინკევიჩსი – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „სამძიმარს ვუცხადებ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს და მეგობრებს. მოვუწოდებ მისი გარდაცვალების, ასევე 5 ივლისის ძალადობის სრულყოფილი და სამართლიანი გამოძიებისკენ. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია“.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოში ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ და ალექსანდრე ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება დაუშვას. ნებისმიერი სხვა კურსი შეუთავსებელია საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებთან“.
ჯიმ რიში – ამერიკელი სენატორი: „საქართველოში ჟურნალისტებზე, ტურისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები დასაგმობია. ვლოცულობ ბატონი ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის. ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის სრული დაცვით უნდა გასამართლდეს. კანონის უზენაესობა მშვიდობიან დემონსტრანტებს იცავს და არა მოძალადე დამნაშავეებს. საქართველო უკეთესი უნდა გახდეს“.
მარსელ კოლაია – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „ამ ბოლო დროს, საკმაოდ ხშირად გავხდით ჟურნალისტებსა და ლგბტ თემზე საშინელი თავდასხმების მოწმენი. ჩემი ფიქრები ლექსო ლაშქარავას ოჯახთან, დაშავებულ ჟურნალისტებთან და მათ ოჯახებთანაა“.
ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნიავიჩენე – ევროპარლამენტარები: „ბატონი ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გასაოცარი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულყოფილად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, რომ სიმშვიდე და თავშეკავება გამოიჩინონ და არ წამოეგონ პროვოკაციებს. საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს, რათა ევროპული ღირებულებების პატივისცემა უზრუნველყონ“.
დიეგო კოლასი – საფრანგეთის ელჩი საქართველოში: „ჩვენ, დიპლომატებს, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გვქონდა. ჩვენ გამოვხატეთ ძლიერი იმედგაცრუება 5 ივლისს თბილისში კონსტიტუციური წესრიგის [და] ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების გამო. განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მთავრობას მოვუწოდეთ, აიღოს ვალდებულება და დაიცვას ყველა, მათ შორის, უმცირესობები, ლგბტ თემი და პრესა“.
კარლ ჰარცელი – ევროკავშირის ელჩი საქართველოში: „დღეს სამწუხარო ინფორმაცია მივიღე „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის თაობაზე… მართალია მისი გარდაცვალების მიზეზებზე გამოძიების შედეგებს ჯერაც ველოდებით, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი გმობს ყველანაირ ძალადობას და ურყევად უჭერს მხარს მედიისა და შეკრების თავისუფლებას“.
ასევე წაიკითხეთ:
- RSF: ჟურნალისტის დაღუპვამ საქართველოში პრესის თავისუფლება კატასტროფის მიმართულებით წაიყვანა
- პრემიერი გადადგომას არ აპირებს და კვლავ სახელმწიფოს წინააღმდეგ „შეთქმულებზე“ საუბრობს
- აშშ-ის საელჩო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებას ეხმიანება
- საერთაშორისო გამოხმაურება თბილისში მომხდარ ძალადობაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)