საპატრიარქო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებას ეხმიანება
მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო 5 ივლისს, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მიერ ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის , ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება და მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
საპატრიარქომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სახელით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი გარდაცვლილის დედას თანაგრძნობას უცხადებს და ხაზს უსვამს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ლექსოსთვის ლოცულობს.
„ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი“, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
5 ივლისს, დედაქალაქში ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ მომხდარში „საპატრიარქო პასუხისმგებელი არ არის“.
მისივე თქმით, 5 ივლისს საპატრიარქოს ძალადობისკენ არავინ წაუქეზებია. რაც შეეხება „ცალკეულ“ სასულიერო პირებს, ჯაღმაიძემ ხაზი გაუსვა, რომ თუკი მათი მხრიდან „გამოვლინდება რაიმე დარღვევა, მას აუცილებლად დაიბარებენ და აუცილებლად მოსთხოვენ [პასუხს]“.
ჯაღმაიძემ გარდაცვლილი ოპერატორის სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები ძალადობასა და საპატრიარქოს მიმართ „სიძულვილის ენის“ გამოყენებაშიც დაადანაშაულა“. „დღეს ლექსო იქ არავის აღარ აინტერესებს, მემგონი…“, – დასძინა მანვე.
„ტელეკომოანია პირველის“ ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სასტიკად სცემეს, ექვს დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გუშინ, ქიმიური ექსპერტიზის შუალედურ შედეგებზე დაყრდნობით, შსს-მ განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ნარკოტიკებით ზედოზირება ყოფილიყო. სახელმწიფო ექსპერტიზის შედეგებს ოჯახი უნდობლობას უცხადებს.
ლაშქარავა თბილისში, ჯიქიას სასაფლაოზე ამ წუთებში კრძალავენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)