ევროკავშირის თქმით, მოსამართლეთა დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნა „ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს“, რომელთა თანახმადაც უნდა შეჩერებულიყო მიმდინარე დანიშვნები, სრულად შესრულებულიყო ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაზრდილიყო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში.
მან აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელმა დანიშვნებმა, შესაძლოა, „უარყოფითად იმოქმედოს“ საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე, ვინაიდან მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად სწორედ დახმარების გამოყოფის „შეთანხმებული წინაპირობაა“.
„ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სტანომ ასევე განაცხადა, რომ კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის „დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია. მიუხედავად პროცესის შეჩერების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტის 12 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ექვსი მოსამართლე აირჩიეს. დეპუტატებმა კიდევ სამი მოსამართლის კანდიდატურა ჩააგდეს.
ქართული ოცნების დეპუტატებმა, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადეს, რომ მათ შეეძლოთ მოსამართლეების დანიშვნა, ვინაიდან აპრილში, შეთანხმების ხელმოწერამდე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანით უკვე შეასრულეს რეფორმების განხორციელების თაობაზე აღებული ვალდებულება.
ასევე წაიკითხეთ:
- კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე გაამწესა
- ოდირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესს აკრიტიკებს
- ქართული ოცნების თქმით, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნებს არ შეაჩერებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)