ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა
14 ივლისს, ოთხმა კრიტიკულმა ტელევიზიამ – „მთავარმა არხმა“, ტელეკომპანია პირველმა“, „ფორმულამ“ და „კავკასიამ“ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და 5 ივლისს ჟურნალისტებზე მოძალადეთა დასჯის მოთხოვნით დილის 07:00 სთ-დან 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს.
ოთხივე ტელევიზიის გამოსახულებაზე, შავ ფონზე, 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტების სახელები და გვარები იკითხება, ასევე ჩნდება წარწერა – „გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!“.
https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=1419382701765753
პროტესტის ნიშნად, გუშინ 10 წუთით მაუწყებლობა დროებით შეწყვიტეს რეგიონულმა ტელევიზიებმაც.
მედიასაშუალებების წარმომადგენლების პროტესტი, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც 5 ივლისს „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობის შემდეგ 6 დღეში, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი გუშინ თბილისში, ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს.
შსს ქიმიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ლაშაქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება ყოფილიყო. ოჯახი საგამოძიებო უწყების ვერსიას არ იზიარებს.
ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და რიგითი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. მათ 11-12 ივლისს, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციებიც გამართეს.
5 ივლისს, ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაციის „თბილის პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატული ჯგუფების, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმების დროს მინიმუმ 53 ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის იყო ალექსანდრე ლაშქარავაც. შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ჯამში 18 პირი დააკავა, მათგან 5 – ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
- „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს
- ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა
- 5 ივლისის მოვლენებზე შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა
- შსს-მ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციაზე 102 პირი დააკავა
- შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე 3 პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)