ერგნეთში IPRM-ის 101-ე შეხვედრა გაიმართა
ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 13 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 101-ე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც IPRM-ის შეხვედრების თანაფასილიტატორია, განაცხადა, რომ დისკუსიები შეეხო გამშვები პუნქტების „გახანგრძლივებული დახურვის“ გავლენას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საარსებო წყაროებზე, ასევე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებს, დაკავებების არსებულ შემთხვევებს და კოვიდ-19-ის მიმდინარე პანდემიის შედეგებს.
შეხვედრის ფასილიტატორები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ანიკა სოდერი იყვნენ. მათ მხარეებს „ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდეს, რომლებიც ხელს უწყობს ჰუმანიტარულ პრინციპებს და დადებითად პასუხობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს და ადამიანის უფლებებს“.
მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ყველა ისეთ მცდელობას, რომელიც ხელს შეუწყობს გადაადგილების თავისუფლების აღდგენისკენ სვლას და სხვა ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიც არის სარწყავი წყლის მართვა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე „უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე“. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით „გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება“, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა. საქართველოს მოქალაქეს ზაზა გახელაძეს თებერვალში ცხინვალმა უკანონოდ 12.6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა ქართველი სამართალდამცველები გამყოფი ხაზის გასწვრივ „დარღვევების“ ჩადენაში ან სხვებისთვის ამის უფლების მიცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ანტისაოკუპაციო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ გამყოფი ხაზი გადაკვეთა. კოჩიევმა პირობა დადო, რომ ცხინვალის ხელისუფლება „ყველა ასეთ დარღვევას აღკვეთს“.
საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, კოჩიევმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა თბილისი „სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის“ დარღვევაში და განაცხადა, რომ წინა შეხვედრის შემდეგ დანარჩენი საქართველოდან ცხინვალის რეგიონში ვერტმფრენისა და მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის შემოფრენა დაფიქსირდა.
ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 27 სექტემბერს დაიგეგმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს
- თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა ერგნეთში ირიგაციის თემაზე იმსჯელეს
- ერგნეთში IPRM-ის მე-100 შეხვედრა გაიმართა
- ერგნეთში IPRM-ის 99-ე შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)