ივლისი, 1921: იტალიის პოლიტიკურმა წრეებმა საქართველოს საკითხი განიხილეს
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 10 აგვისტო, N5
რომში
(ევ. გეგეჭკორის მოგზაურობიდან)
მიუხედავათ იტალიის დიდი სიმპატიისა და დაინტერესებისა საქართველოს საკითხში, ბოლშევიკების ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტების გამოტანა აქ ყველაზე ძნელი შეიქმნა. მიზეზი მარტივია. იტალიის სოციალ-დემოკრატია დღემდე შედიოდა მესამე ინტერნაციონალში და ამით მოსკოვის უდიდეს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ჩვენი წარმომადგენელის ევგენი გეგეჭკორის აქ ყოფნის დროს, მესამე ინტერნაციონალის სხდომები არ იყო დასრულებული და იტალიის სოციალისტები არ იყო გაძევებული მოსკოვის „წმინდა ეკლესიიდან“. და ეს გარემოება გადამჭრელი შეიქმნა თვით იტალიის მთავრობისთვისაც. სფორცამ (საგარეო მინისტრი იყო მაშინ), რომელიც ინახულა ევგენი გეგეჭკორმა, პირდაპირ განუცხადა: „სურვილი დიდი გვაქვს, მაგრამ არაფერი სერიოზულის გაკეთება საქართველოს სასარგებლოთ არ შეგვიძლია, რადგან ვაჭრებს კომერციული ურთიერთობა სურთ რუსეთთან, ხოლო სოციალისტები მათ ემეგობრებიანო“.
ევგენი გეგეჭკორმა და სიმონ მდივანმა, რომლებიც იყვნენ იტალიაში, მიმართეს გამოჩენილ სოციალისტ მოღვაწეებს საქართველოს შესახებ. პირველ რიგში ინახულეს ტრევესი, მცოდნე აღმოსავლეთის საკითხის. გადასცეს მას მასალები საქართველოს შესახებ და ამით დაარწმუნეს ეს უკანასკნელი მოსკოვის იმპერიალისტობაში. ტრევესი დაპირდათ პარლამენტში საქართველოს შესახებ სიტყვის თქმას და საგარეო საკითხის განხილვის დროს ასე განაცხადა: „გულითად სალამს ვუთვლი საქართველოს, სადაც გაბედული რეფორმა იქნა გატარებული აგრარული მიმართულებით ჩვენი ამხანაგების მიერ. და ჩვენი სალამი მით უფრო მხურვალეა, რომ დღეს იგი ბოლშევიკების სასტიკ რეჟიმს განიცდის“. ამის თქმა და აურზაურის ატეხა კომუნისტებისგან ერთი იყო. სოციალისტები და კომუნისტები კინაღამ ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებენ და მხოლოდ ფაშისტების დაცინვამ და ტაშმა შეაჩერა მათი გაცხარება. ამის შემდეგ საქართველოს გარშემო გაიმართა კამათი პრესაშიაც. ბოლშევიკები ცდილობდენ თავის პოზიცია შეინარჩუნონ და საქართველოს დაპყრობა გაამართლონ. მაგრამ ეს დღეს უკვე შეუძლებელია.
„ავანტი“, ცენტრალური ორგანო, რომელიც წინეთ ამ დაპყრობას აუცილებლობით და სხვა საპატიო მიზეზებით ხსნიდა, მის რედაქტორ სერატისთან ევგენი გეგეჭკორის მოლაპარაკების შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს სოციალ-დემოკრატები სავსებით ამტყუნებენ ბოლშევიკებს და „მოითხოვენ, რომ შესდგეს საერთაშორისო გამოძიება კომუნისტების და სოციალისტებისაგან; მოითხოვენ, რომ საქართველოს ტერიტორია გაიწმინდოს მისი დამპყრობი ჯარებისაგან, და მზათ არიან ეს მძიმე კონფლიქტი, რომელიც ტანჯავს მათ ხალხს, პლებისციტს გადააწყვეტინონ. ჩვენ გვგონია, რომ კონფლიქტის ასეთი გადაჭრის საშუალებაა მათ უნდა მიეცეს, რომ ამით თავიდან ავიცდინოთ სამწუხარო სურათი – ამ კონფლიქტისო“.
ამას მოითხოვენ მოსკოვის მომხრეები უკანასკნელი ამბები, იმედი გვაქვს, კიდე უფრო ჩამოაშორებს მათ რუსეთის კომუნისტებს და გადმოხრის საქართველოს სასარგებლოთ.