პრემიერი: არასდროს მომისმენია აშშ-ისა და ევროპის კრიტიკა ენმ-ის დროინდელ სასმართლოზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ივლისს განაცხადა, რომ მას არასდროს მოუსმენია „არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროინდელი სასამართლოს მიმართ.

ღარიბაშვილის განცხადებას წინ უძღვოდა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებით, რომელთა თქმითაც, ეს პროცესი ევროკავშირის მედიაციით  მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

აღნიშნა რა, რომ „2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის დროინდელი სასამართლოს მიმართ დასავლეთის კრიტიკის არარსებობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს „რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალეობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას“.

„ჩვენ რაც გავაკეთეთ რვა წელში, ეს არის როგორც დღე და ღამე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი“.

მისი თქმით, „გაუგებრობა“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან „აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება“.


აშშ-ის კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის დროინდელი სასამართლო სისტემის მიმართ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიშები შეიცავდა კრიტიკულ შენიშვნებს ნაციონალური მოძრაობის დროინდელი სასამართლოების მიმართ.

აშშ-ის ადამიანის უფლებათა 2012 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ „სასამართლო სისტემაზე გარედან გავლენა კვლავ პრობლემად რჩებოდა“. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებზე დაყრდნობით, ანგარიში აცხადებს, რომ თავად სასამართლო სისტემის შიგნით ძალაუფლების დაყოფის, ურთიერთკონტროლისა და ბალანსის სისტემის ნაკლებობა მთლიანად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. იმავე წყაროებზე დაყრდნობით, ანგარიში აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელში  ძალაუფლების კონცენტრაციამ „მოსამართლეთა დამოუკიდებლობა შეასუსტა“.

2011 წლის ანგარიშის თანახმად, პრობლემები რჩება „კანონის უზენაესობის კუთხით, მაგალითად, პრობლემები სასამართლოს მიერ კანონის ობიექტურ და თანაბარ გამოყენებასთან დაკავშირებით“. „სასამართლო სისტემაზე გარე გავლენა კვლავ პრობლემად რჩებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში. „მონიტორინგის განმახორციელებელი ჯგუფები სისხლის სამართლის საქმეებში გამამართლებელი განაჩენებისა და წარმატებული აპელაციების დაბალ დონეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემაზე ზეწოლის შესაძლო ინდიკატორებად ასახელებდნენ“.

2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ „ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ზოგიერთი მაღალი რანგის მოსამართლე სასამართლო სისტემაზე ზეწოლას ახორციელებდნენ“. სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშზე დაყრდნობით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემაში გრძელდებოდა პრობლემები, როგორებიცაა – სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამოძიებების ხარისხი, მხარეთა თანასწორობა და სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთება განხილვის სხვადასხვა ეტაპზე“. „საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლო სისტემას ქვეყნის ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუციად მიიჩნევდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

2009 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო ხელისუფლება პროკურორების „ნოტარიუსად გადაიქცა“, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება გადაჭარბებულ გავლენას ახდენდა სასამართლო სისტემაზე. „არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში ბოლო დროს დანიშნულ პირებს აკლდათ დამოუკიდებლად მოქმედებისთვის საჭირო გამოცდილება და მომზადება. საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლო სისტემას ქვეყნის ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუციად მიიჩნევდა“.

2008 წლის ანგარიშის თანახმად, „კვლავ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ისევ განაგრძობს ზეწოლას სასამართლო ხელისუფლებაზე”. დოკუმენტში ნათქვამია, ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრეტენზიები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო ხელისუფლება „პროკურორების ნოტარიუსად გადაიქცა“, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება „გადაჭარბებულ გავლენას“ ახდენს სასამართლოზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)