შარლ მიშელი: ევროკავშირის დახმარება სასამართლო რეფორმაზეა დამოკიდებული
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევი დანიშვნები „არ ასახავს საერთაშორისო და ადგილობრივი მონაწილეების კონსულტაციების შედეგებს“ და „ცალსახად, დაკარგული შესაძლებლობაა“.
საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი „ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი“ გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელება „საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლისთვის, ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრესის მიღწევა კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში, პოლიტიკური და სასამართლო რეფორმების გზით“, – განაცხადა შარლ მიშელმა და ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების გამოყოფის „წინაპირობაა“.
5-6 ივლისის ჰომოფობიურ ძალადობაზე საუბრისას, პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს გადამწყვეტი ადგილი უკავია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში.
„უმცირესობების უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. მრავალფეროვნებისა და ადამიანური ღირსების პატივისცემა გადამწყვეტია ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის და საჭიროა პრესისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების დაცვა“.
პრეზიდენტმა მიშელმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ შეთანხმების ყველა ხელმომწერმა მისი განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა. მან იმ პარტიებს, რომელთაც შეთანხმებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ, ამის გაკეთებისკენ მოუწოდა. კოალიცია „ძალა ერთობაშია“ უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფია, რომელსაც შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია.
ასევე წაიკითხეთ:
- შარლ მიშელი საქართველოს სტუმრობს
- ქართული ოცნება უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნებზე საერთაშორისო რეაქციებით „გაკვირვებულია“
- ევროკავშირის თქმით, მოსამართლეთა დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება
- ბლინკენი: „ღრმად შეშფოთებულნი“ ვართ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გამო
- ევროკავშირის საელჩოები მთავრობას: ბოლოდროინდელი მოვლენები „ჩრდილს აყენებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)