საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ 19 ივლისს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ სამმხრივი თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, სადაც სახელმწიფოთა მეთაურები პირობას დებენ, რომ ერთად იმუშავებენ, რათა სამი ქვეყნისთვის „მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული ევროპული მომავალი“ უზრუნველყონ. ღონისძიებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც დაესწრო.
დეკლარაცია, რომელსაც მხარეებმა სიმბოლურად პეტრას ციხე-სიმაგრეში მოაწერეს ხელი, ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირში გაწევრიანება არის მიზანი, რომელიც ჩვენ სამ სახელმწიფოს აერთიანებს. ევროპულ ინტეგრაციას ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სუვერენულ არჩევანზე ვერცერთი მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს“.
დეკლარაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სამი ქვეყნის ურყევ მიზანს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების გზით ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი წინ წავიდეს, ხოლო შესაბამისი სფეროების კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებს დაუახლოვდეს.
„ზურგს გვიმაგრებს რა ჩვენი ხალხების ძლიერი სურვილი, გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი, ჩვენ ერთად ვართ ჩვენს მისწრაფებაში, ვიმუშაოთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის, რაც ევროკავშირში ჩვენი სამი ქვეყნის მომავალ წევრობას გაუხსნის გზას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ხელმომწერმა ქვეყნებმა ასოცირების შეთანხმებების სრულფასოვნად განხორციელების პირობა დადეს და აღნიშნეს, რომ საერთო ინტერესის მქონე სფეროებში კონკრეტული პრიორიტეტების დასადგენად იმუშავებენ, რათა გააღრმავონ პოლიტიკური დიალოგი და ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაცია გააძლიერონ, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები და ჯანდაცვა.
დოკუმენტი მხარდაჭერას უცხადებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმას, რომელიც საერთო მფლობელობაზე, ურთიერთვალდებულებებზე, ასევე დიფერენცირებისა და ინკლუზიურობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სამი სახელმწიფო ერთად იმუშავებს სხვა დაინტერესებულ პარტნიორებთან და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველყოს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიმუშავებს სტრატეგიულ, პროგრესულ დღის წესრიგს და ძლიერ დ ეფექტურ პლატფორმად დარჩება.
სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაზე (CSDP) თანამშრომლობის პირობა დადო, რაც ასევე მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებას, კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან და სამსახურებთან თანამშრომლობის პლატფორმების განვითარებას, CSDP-ის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობას, ასევე მსოფლიოში მშვიდობის დამყარების კუთხით ევროკავშირის ძალისხმევაში წვლილის შეტანას.
რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, სამმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონის მდგრად განვითარებას შეუწყობენ ხელს, ასევე სრულად გამოიყენებენ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც შავი ზღვა სთავაზობს, ევროპასა და აზიას შორის უფრო ფართო და უსაფრთხო კავშირის დასამყარებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)