შალვა პაპუაშვილი ქალი დეპუტატის მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის კრიტიკის ობიექტი გახდა
ქართული ოცნების დეპუტატი და პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ქალი კოლეგის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. საუბარია, 18 ივლისის პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე, სადაც ორი კვირის წინ დედაქალაქში ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარი ძალადობის დროს შს სამინისტროს რეაგირების შესახებ მინისტრ ვახტანგ გომელაურის ანგარიშისთვის უნდა მოესმინათ.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პაპუაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა ხელში იმ დროს აიყვანა და მეორე მხარეს გადასვა, როდესაც ეს უკანასკნელი პარლამენტის თავმჯდომარესთან მიახლოებას ცდილობდა.
სხდომათა დარბაზში დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც საპარლამენტო ტრიბუნასთან, საიდანაც მინისტრ ვახტანგ გომელაურს კანონმდებლებისთვის მოხსენება უნდა წარედგინა, ოპოზიციონერი დეპუტატები მივიდნენ, რომლებსაც ხელში პროტესტის ნიშნად „ტელეკომპანია პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას ფოტოები ეკავათ. ლაშქარავა 5 ივლისს ლგბტ თემის მახრდამჭერი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად სცემეს. იგი, მასზე ძალადობიდან 6 დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ვახტან გომელაურის გადადგომა მოითხოვეს.
პაპუაშვილი ძალადობასა და შევიწროებაში დაადანაშაულეს
ინციდენტის შემდეგ დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ თქვა – „ქართული ოცნების სამარკო ნიშანი, ერთადერთი რამ, რითაც ქართული ოცნება ინარჩუნებს ხელისუფლებას არის ძალადობა. ისინი ძალადობენ დეპუტატებზე, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ძალადობენ ოპერატორებზე. კლავენ ჟურნალისტებს მხოლოდ იმისთვის, რომ ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნონ ძალაუფლება“. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ შალვა პაპუაშვილის ქცევის მოკვლევის მიზნით ისინი პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავენ.
დეპუტატებმა – ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ პაპუაშვილის ქცევის „სათანადოდ“ შეფასებისთვის პარლამენტის ეთიკისა და გენდერული თანასწორობის საბჭოებს მიმართეს. „ის რაც მოხდა, არ არის ნორმალური და თუ ეს დარჩება შეფასების გარეშე, პარლამენტი ამით მოახდენს ამის ნორმალიზებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„წარმოუდგენელი სითავხედეა დეპუტატ პაპუაშვილის საქციელი. ტატამი მოაწყო პარლამენტში და თავს უფლებას აძლევს ხელი შეახოს და ძალადობრივად გაიყვანოს თინა ბოკუჩავა. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში?“, – თქვა სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრმა, ქეთი აბაშიძემ განაცხადა, რომ „მიზოგინიისა და შევიწროების ადგილი პარლამენტში არ არის და ის საშიში მაგალითია საქართველოში მცხოვრები ყველა სხვა ქალისა და გოგოსთვის“.
„ეს ისეთი დამამცირებელი და უპატივცემულო [ქცევაა]“, – თქვა, „თბილისი პრაიდის ერთ-ერთმა აქტივისტმა მარიამ კვარაცხალიამ. „წარმოუდგენელია, რისი გავლაც ქალებს პოლიტიკასა და პარლამენტში უწევთ“, – დასძინა მანვე.
შალვა პაპუაშვილის ქცევა დაგმო ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.
შალვა პაპუაშვილის პასუხი
„თინასთან ვწუხვარ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. „რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში“, – დასძინა მანვე.
„აბსურდია, როცა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ძალადობაზე საუბრობენ“, – განაცხადა კოლეგის დასაცავად ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. ინციდენტისადმი მისი გამოხმაურება, სადაც იგი ამბობს, რომ „პაპუაშვილმა ბოკუჩავას ისტერიის განეიტრალება მოახერხა“ – მედიაში „სექსისტურ“ განცხადებად შეაფასეს. მისივე თქმით, თავად ბოკუჩავას მიერ პარლამენტის თავმჯდომარესთან „ისტერიულად“ ასვლის მცდელობა „ვერ ჯდება ვერანაირ ეთიკის კოდექსში“.
პარლამენტის სხდომაზე განვითარებული სხვა მოვლენები
18 ივლისის სხდომაზე ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად მედიის ლოჟადან 5 ივლისის მოძალადეთა დასჯისა და მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების მოთხოვნით საპროტესტო ბანერებიც გადმოკიდეს.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა საპროტესტო ბანერების აღებაზე უარი განაცხადეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სხდომა ისე დახურა, რომ პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა არც დაწყებულა.
ქვეყანაში დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობიდან 6 დღეში „ტელეკომპანია პირველის“ ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა. საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გამძაფრდა, რომ შს სამინისტრომ თქვა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ნარკოტიკებით ზედოზირება ყოფილიყო.
ოპოზიციური პარტიების, მედიის, სამოქალაქო აქტივისტებისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს.
ასევე წაიკითხეთ:
- პარლამენტთან შეკრებილი ათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომას ითხოვს
- შსს-მ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციაზე 102 პირი დააკავა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)