ქართული ოცნების ლიდერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობენ

გუშინ, მთაწმინდის პარკში, დედაქალაქის მერობის ქართული ოცნების კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევებზე მმართველი გუნდი „დამაჯერებლად“ გაიმარჯვებს.

სიტყვით გამოსვლებისას პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვეს, რომ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ბედი უნდა გადაწყვიტოს, „უაღრესად“ მნიშვნელოვანია. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, თუკი ქართული ოცნება 2 ოქტომბერს პროპორციულ ნაწილში ხმების 43%-ს ვერ მოაგროვებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარების განმსაზღვრელია“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა. მანვე ოპოზიცია გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ მათ „არ აქვთ რეალური დღის წესრიგი“. „მათი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსი“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მმართველი გუნდის მიღწევებზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების „ხელწერა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების ხელწერა“. მისივე თქმით, 2012 წელს ქართული ოცნების გამარჯვება „ძალადობასა“ და „ტერორზე“, „აღმოჩნდა ის მყარი საფუძველი, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება“.

„ეს მძიმე წარსული ასევე თქვენი თანადგომით, თქვენი მხარდაჭერით არასოდეს არ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა – „მჯერა, რომ, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს“.

მოახლოებულ არჩევნებზე ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღების მოლოდინი აქვს, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. „დარწმუნებულნი ვართ, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე – სიცრუეზე; ღირსება – უპრინციპობაზე; ერთგულება – ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი – ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე – სიბნელეზე; დასავლეთი – ჩრდილოეთზე“, – დასძინა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

„ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება“, – ხაზი გაუსვა მანვე.

ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 48.22% მიიღო. ამასთან, ქართულმა ოცნებამ ოცდაათივე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, მათგან 13 პირველივე ტურში, ხოლო 17 მეორე ტურში, რომელიც ოპოზიციონერი კანდიდატების ბოიკოტის ფონზე ჩატარდა.

2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, კახა კალაძე დედაქალაქის მერი ხმების 51.09%-ით გახდა, თავად ქართულმა ოცნებამ კი – 55.81% მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)