აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში საინვესტიციო კლიმატზე
საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიში დადებითად აფასებს ქვეყანაში ბიზნესის, სავაჭრო და ინვესტიციების მიმართულებით არსებულ მარეგულირებელ ჩარჩოსა და კანონმდებლობას, თუმცა ხაზს უსვამს სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს.
ანგარიშში, რომელიც 21 ივლისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ კვლავ ნარჩუნდება „სასამართლოს მიუკერძოებლობაში ჩარევის“ ნიშნები, ამასთან, მართლმსაჯულება დაუცველია პოლიტიკური ზეწოლისგან, როგორც სასამართლო სისტემის შიგნიდან, ისე გარედან.
„სულ უფრო მზარდია უნდობლობა სასამართლო სისტემის უნარისადმი დროულად და კომპეტენტურად განსაჯოს კომერციული საქმეები“, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ზოგიერთი საქმე სასამართლოში წლების განმავლობაში ჭიანურდება.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ კომპანიები გამოთქვამენ წუხილს მუნიციპალური დონეზე არაეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით არსებული ნაკლოვანებების, ეფექტიანი ანტიმონოპოლური პოლიტიკის არარსებობის, კანონების შერჩევითი აღსრულებისა და სავარაუდო პოლიტიკური ჩარევის გამო.
სახელმწიფო დეპარტამენტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს, მათ შორის, ამერიკულ კომპანიასაც აერთაინებდა და რომელსაც 2016 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის განხორციელების უფლება მიენიჭა. აღნიშნავს რა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წელს კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყვიტა, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ „ინვესტორთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ პროექტის წინააღმდეგ მთავრობის ქმედებებმა ფინანსურ პრობლემებამდე და ხელშეკრულების საბოლოო გაწყვეტამდე მიიყვანათ“.
„მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ იგი ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისადმი ერთგულია, ინვესტორებსა და ადგილობრივი ბიზნესის ლიდერებს ამაში ეჭვი შეაქვთ“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით რეგიონში წამყვან პოზიციაზას იკავებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 1991 წლიდან საქართველომ „ფართო ეკონომიკური რეფორები“ გაატარა, რამაც „შედარებით გამართული და მდგრადი საბაზრო ეკონომიკა“ შექმნა.
ანგარიში ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ღიაობას ინვესტიციებისადმი და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. დოკუმენტი ასევე განიხილავს საქართველოს კაპიტალის ბაზრებს, საბანკო სისტემას, ინვესტიციების წახალისების პოლიტიკას, საკუთრების უფლებებსა და რეგულაციებს, ასევე პრივატიზაციისა და კორუფციის წინააღდეგ ბრძოლაში მთავრობის ძალისხმევას.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)