აგვისტო, 1921: ევროპელი პოლიტიკოსები და მშრომელები საბჭოთა რუსეთისაგან საქართველოს განთავისუფლებას მოითხოვენ
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 20 აგვისტო
ევროპა და საქართველოს საკითხი
„ზოგი ჭირი მარგებელიაო“ იტყვიან.
საქართველოს საკითხი არასოდეს არ ყოფილა ისე პოპულიარული ევროპის ხალხთა ფართო წრეებში, როგორც დღეს არის ამის მთავარი საბაბი შეიქმნა რუსეთის საბჭოთა მთავრობის თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე.
ამავე დროს საბჭოთა მთავრობის არც ერთ ნაბიჯს საგარეო პოლიტიკის სფეროში არ მოუტანია იმოდენა ზიანი საბჭოთა რუსეთის პრესტიჟისათვის საზღვარ-გარედ, არც ერთ მის ნაბიჯს არ უთამაშია ასეთი დიდი როლი საბჭოთა მთავრობის ნამდვილ ბუნების საჯაროთ გამოაშკარავებაში, როგორც ამ თავდასხმას. ვერ ნახავთ ვერც ერთ სხვა საკითხს, რომელსაც ასეთი ერთსულოვნებით შემოეკრიბოს თავის გარშემო დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ევროპის საზოგადოებრივი აზრი, მისი სიმპატიები, როგორც ეს მოხდა საქართველოს ოკუპაციის საკითხში. ამ საკითხში ერთი აზრი სუფევს ინგლისში და ევროპის წვრილ სახელმწიფოებში, გერმანიაში, საფრანგეთის ყველა წრეებში, სოციალისტურსა და ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ პარტიებში, ბერნის თუ ვენის ინტერნაციონალში, პაციფიურ თუ მილიტარისტულ წრეებში.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს საკითხში მებაიარახტეობა მუშათა კლასმა იკისრა.
„საქართველოს თავისუფლება არის ჩვენი თავისუფლება“ – აცხადებს გერმანიის მეუმრავლესე სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD). გერმანიის მეორე უდიდესი სოციალისტური პარტია (USPD) „ერთხმად და ერთსულოვნად იზიარებს საქართველოს სოციალ-დემოკრატიის თვალსაზრისს“. ბელგიის სოციალსიტური პარტია – უძლიერესი თავის სამშობლოში – რომელმაც ტრიუმფით მიიღო ჩვენი თავმჯდომარე, აღგვითქვამს, „რომ, ბელგიის მუშები საქართველოს საკითხს გაიხდიან თავის საკუთარ საქმეთ და მთელი თავისი ძალღონით იმოქმედებენ მის აღსადგენად“. 5 მილიონ ინგლისის მუშების ორგანიზაცია ერთხმად მოითხოვს საქართველოდან რუსის ჯარის გაყვანას. ასეთივე ერთსულოვნებით ესარჩლებიან საქართველოს ფრანგი სოციალისტები თვით იტალიის სოციალისტური პარტია, რომელიც უკანასკნელ დრომდე მოსკოვის ინტერნაციონალში შედიოდა და მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ქედს იხრის უძლეველი ფაქტების წინაშე და ემხრობა საერთაშორისო პროლეტარიატის ხმას საქართველოს საკითხში. ვენის ინტერნაციონალური ორგანიზაცია, რომელიც აქამდე მორიდებით ეპყრობოდა მოსკოვს და რომელიც ასე იშვიათად უერთდებოდა მეორე ინტერნაციონალის ხმას, ენერგიულათ და გადაჭრით აცხადებს საქართველოზე თავდასხმას მილიტარისტულ ნაბიჯათ და მოითხოვს საქართველოდან უცხო ჯარების გაყვანას. ამნაირად, საქართველოს საკითხის გარშემო დადუმდა პარტიათა შორის უთანხმოება და მთელი სოციალისტური და მუშური ევროპა მწყობრათ დაირაზმა და საერთო ყიჟინა დასძახა: „გაიყვანეთ საოკუპაციო ჯარები, გაანთავისუფლეთ საქართველო!“
საქართველოს საკითხმა არამც თუ მთელი ევროპა შეათანხმა და ერთ რიგში ჩააყენა, არამედ თვით ევროპის კომუნისტურ წრეებშიაც არევ-დარევა და დემორალიზაცია შეიტანა. ისინი, ვინც თებერვალში და მარტში მოსკოვის შთაგონებით და კარნახით საქართველოზე თავდასხმას ესარჩლებოდენ და მის გამართლებას ცდილობდენ, იძულებული გახდენ ანგარიში გაეწიათ უძლეველი ფაქტებისათვის, ანგარიშ გაეწიათ მთელი ევროპის მეშათა კლასის ერთსულოვან პროტესტისათვის და ან ხმა გაეკმინდათ, როგორც ეს საფრანგეთის კომუნისტებს მოუვიდათ, ან აშკარად მიმხრობოდენ სოციალისტურ პროლეტარიატის ხმას, როგორც ეს ინგლისის ზოგიერთმა კომუნისტურმა ელემენტებმა ჩაიდინეს.
საქართველოს საკითხის გარშემო სოციალისტურ და პროლეტარულ ევროპის ერთსულოვნათ დარაზმვა მარტო მორალური საზომით არ განიზომება. ინგლისის მუშათა პარტიის თაოსნობით საკითხს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა მიეცა. ამ პარტიის დავალებით მისმა წარმომადგენელმა, საქართველოში კარგად ცნობილმა მაკდონალდმა ოფიციალურად მიმართა კრასინის საშუალებით რუსეთის საბჭოთა მთავრობას და უკანასკნელს „მუშათა პარტიის“ მიერ მიღებული რეზოლიუციაზე საჩქარო პასუხი მოსთხოვა. საერთაშორისო პროლეტარიატის პრაქტიკულ ნაბიჯს საქართველოს საკითხში საფუძვლად დაედო თფილისში სოციალ-დემოკრატიულ ყრილობაზე (10 აპრილს) წამოყენებული წინადადება: არჩეულ იქნას ევროპაში პარიტეტული კომისია სოციალისტების და კომუნისტებისაგან და ამ კომისიის კონტროლს ქვეშ გატარდეს თავისუფალი სახალხო არჩევნები საქართველოში, რომლის შედეგების თანახმად უნდა მოეწყოს ქვეყნის ბედ-იღბალი. ამ წინადადებას შეუერთდა ევროპის სოციალისტები და პროფესიონალური ორგანიზაციები, ეს წინადადება ერთხმად მიიღო ივლისის დამლევს კოპენჰაგენში შეკრებილმა 11 ქვეყნის პარტიათა წარმომადგენლებმა. და არა თუ მიიღო, კომისიაც აირჩია თავის მხრივ მის განსახორციელებლათ. და როგორც „ფორვესტსი“ [გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი გამოცემა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] სწერს, სიტყვა ეხლა საბჭოთა მთავრობას ეკუთვნის.
ჩვენ თავს არ ვიტყუებთ მოსკოვის პასუხის შესახებ. ჩვენ არ მოველით, რომ მოსკოვის იმპერიალისტებმა მსოფლიო დემოკრატიის ერთსულოვან მოთხოვნას სათანადო ანგარიში გაუწიონ. მარა მით უარესი მათთვის. მათი მორალური და საზოგადოებრივი გაკოტრება კიდევ უფრო გამოააშკარავდება და მათი დაცემის დღე მოახლოვდება. ბოლშევიზმი აქ პირდაპირ ჩიხშია მიმწყვდეული ამ წინადადებით. დაეთანხმება – წააგებს, არ დაეთანხმება მაინც წააგებს. ორივე შემთხვევაში ევროპიელი ჩვენი ამხანაგების ნაბიჯს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის.
მარა, როგორც ჩვენ ვიცით, საქმე ამით არ თავდება. ევროპის მუშათა პარტიებს გადაწყვეტილი აქვთ საქართველოს საკითხი ოფიციალურ პოლიტიკაშიაც სადღეისო საკითხად გაიხადონ. იტალიის პარლამენტში უკვე გაისმა სოციალისტურ პარტიის ხმა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოთ. კიდევ მეტის ენერგიით წამოაყენებენ ჩვენ საკითხს გერმანიისა და ინგლისის მუშათა პარტიები, – ის პარტიები, რომელთაც უდიდესი გავლენა მოეპოვებათ თავიანთ ქვეყნებში. ამნაირად ის კამპანია, რომელსაც დღეს ასე ენერგიულათ და ერთსულოვნათ აწარმოებს საერთაშორისო სოციალისტური დემოკრატია, მკვიდრ ნიადაგს უმზადებს საქართველოს საკითხის ევროპის საერთაშორისო პოლიტიკის სადღეისო პრაქტიკულ საკითხათ დასმას. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ევროპის ოფიციალური წრეებიც არამც თუ სიმპატიით ეპყრობიან საქართველოს საკითხს, არამედ მხოლოდ დემოკრატიულ მთავრობას სცნობენ საქართველოს მთავრობათ, ჩვენთვის აშკარა იქნება, რომ ჩვენი საკითხის პრაქტიკულად წამოყენება ახლო მომავალში სულ ადვილი მოსალოდნელია.
რუსეთის ეხლანდელი მდგომარეობა, ბოლშევიკების ძალა-უფლების საფუძვლიანად შერყევაზეც რომ არ ვილაპარაკოთ, აიძულებს მის მესვეურთ განსაკუთრებული ანგარიში გაუწიონ ევროპის მთავრობათა და განსაკუთრებით ხალხთა ხმას. არასოდეს რუსეთის ბედი, თით მისი ხალხის ფიზიკური არსებობა არ ყოფილა იმდენათ დამოკიდებული ევროპის ოფიციალურ და არა ოფიციალურ წრეების დახმარებაზე, როგორც დღესაა. ამ პირობებში, ორიგზით, ოფიციალურით და არა ოფიციალურით წარმოებული კამპანია საქართველოს განთავისუფლებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და წონას იღებს. – კიდევ მეტი: ხვალ რომ ბოლშევიკური მთავრობა დაემხოს, რა ხასიათისა და ფერისაც უნდა იყოს მისი მემკვიდრე, ის იძულებული იქნება რუსეთის დღევანდელი პირობების გამო, დიდი ანგარიშ გაუწიოს ევროპის მთავრობათა და ხალხთა ნებას.
ერთი სიტყვით, სოციალისტურ პროლეტარიატის ინიციატივით საქართველოს საკითხი ევროპიულ სახელმწიფოთა საერთაშორისო პოლიტიკის სადღეისო საკითხად ხდება, საქართველოს განთავისუფლების ჟამი ახლოვდება და ჩვენი ქვეყნის მომავალს მკვიდრი ნიადაგი ეყრება.
ვიმეორებთ, არასოდეს საქართველოს საკითხი არ ყოფილა ისე პოპულიარული ევროპაში, როგორც დღეს. და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენს სადღეისო განამთავისუფლებელ ბრძოლისათვის, არამედ კვდრეთით აღდგენილ დემოკრატიულ საქართველოს მომავლისათვისაც. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აუცილებლობის იდეა იმდენათ შესისხლხორცებული აქვს დღეს ევროპის ოფიციალურ და არა ოფიციალურ წრეებს, რომ განთავისუფლებულ საქართველოს ბედი მომავალში გაცილებით უფრო მკვიდრ საერთაშორისო ნიადაგზე იქნება აშენებული, ვინემ აქამდე იყო.
ეს უნდა გაითვალისწინოს ქართველმა ხალხმა და უკეთესი მომავლის მოახლოების რწმენით აღჭურვილმა ბოლომდის უნდა შეინარჩუნოს ის შეურიგებელი პოზიცია მოძალადეებისადმი და მტკიცე ერთსულოვნება დემოკრატიულ წყობილების სიყვარულში, რომლითაც მიპოვა მან დამოუკიდებელი არსებობა და მოიხვეჭა სიმპატია მთელი განათლებული კაცობრიობის.