პრემიერი 5 ივლისის მოვლენებზე: „ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა“
„ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა“, – თქვა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის კიდევ ერთხელ შეფასებისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ 5 ივლისს ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციის დროს გამოვლენილი ყველა მოძალადე არის „დაჭერილი“ და „დასჯილი“. პრემიერმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები მასზე ძალადობაშიც დაადანაშაულა და უთხრა, რომ ისინი „პარტიული აქტივისტები“ არიან.
„თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები… თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალდობა, ეს არის აგრესია“, – უთხრა მან ჟურნალისტებს, 5 ივლისის მოვლენებზე დასმული კითხვების საპასუხოდ.
23 ივლისის მდგომარეობით, 5-6 ივლისს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების საქმეზე შსს-ს ჯამში 28 პირი ჰყავს დაკავებული, მათ შორის, 24 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის. მათ წინააღმდეგ გამოძიება პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, დევნისა და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით მიმდინარეობს.
საგულისხმოა, რომ გამოძიებას ჯერ არ დაუკავებია ძალადობის ორგანიზატორი პირები, რის გამოც ხელისუფლება კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტია.
16 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა. სამართალდამცველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებლისა და ულტრაკონსერვატიული შეხედულებების მქონე გურამ ფალავანდიშვილისა და მისი შვილის, ასევე ულტრაკონსერვატიული შეხედულებების მქონე ბიზნესმენისა და პოლიტიკური მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელ ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ტელევიზია „ალტ ინფოს“ თანამშრომლების საცხოვრებელი სახლებიც გაჩხრიკეს და ისინი გამოკითხვაზე პოლიციაში გადაიყვანეს.
რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ, მათ პოლიციის განყოფილებები ისე დატოვეს და ისინი არ დაუკავებიათ. ოფიციალური განცხადება არც შსს-ს გაუვრცელებია და არ განუმარტავს, მიმდინარეობს თუ არა მათ მიმართ გამოძიება ძალადობის ორგანიზების საქმეზე.
საგულისხმოა, რომ „ალტ ინფომ“ 5 ივლისს დაგეგმილი „მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო გაუქმდა, აქციის ორგანიზებასა და მოქალაქეების მობილიზებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ საკუთარ მრევლს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- საპატრიარქო: ვითარებამ მედიასივრცეში უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო
- პრემიერი გადადგომას არ აპირებს და კვლავ სახელმწიფოს წინააღმდეგ „შეთქმულებზე“ საუბრობს
- შსს-მ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციაზე 102 პირი დააკავა
- „ღირსების მარშის“ კონტრაქციის მონაწილეების მასობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე
- კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ გაშლილი კარვები დაშალეს
- საპატრიარქო „თბილისი პრაიდსა“ და ელჩებს აკრიტიკებს, კონტრაქციას გეგმავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)