მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2021“ დაიწყო
აშშ-საქართველოს ერთობლივი მრავალეროვნული სახმედრო სწავლება „Agile Spirit 2021“ დღეს სენაკის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად დაიწყო.
სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 2 500-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, მათ შორის, საქართველოდან, აშშ-დან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, კანადიდან და ლიეტუვიდან. სწავლება 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
აშშ-ის ევროპის სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლებაში მონაწილეთაგან 1 600 საქართველოს, 700 აშშ-ს, დანარჩენი 250 კი – სხვა ქვეყნების სამხედროები არიან.
სამხედრო სწავლება შემდეგ ხუთ ადგილას ჩატარდება – სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორია; სორტა/ეკის საწვრთნელი ბანაკი; ორფოლოს პოლიგონი; ვაზიანის პოლიგონი და ვაზიანის სამხედრო აეროდრომი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო სწავლება ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებითა და საჰაერო-სადესანტო ოპერაციებით, ასევე გაერთიანებულ ოპერაციებში სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას.
ეს „Agile Spirit“-ის უკვე მეათე, საიუბილეო სწავლებაა, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. წვრთნებმა სტარტი 2011 წელს აიღო და ის პირველად აშშ-საქართველოს ორმხრივი სწავლების ფორმატში ჩატარდა. 2015 წლიდან წვრთნებს არაერთი ქვეყანა შეუერთდა.
წვრთნების მიზანი რეგიონის უსაფრთხოებისა და მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში Sea Breeze 2021 მონაწილეობს
- ბრიტანული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
- საქართველო აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის წვრთნებში მონაწილეობს
- საქართველომ ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანა დაასრულა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)