ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლის კობახიძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან 100 დღის თავზე, ოპოზიციონერი დეპუტატების „ნახევარზე მეტს“ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, „აშკარაა, რომ მან თავი ამოწურა“ და, შესაბამისად, ის „ანულირებულია“.
„ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ“, – განაცხადა დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ და დასძინა – „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს“.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „პოლიტიკური პატიმრების“ გათავისუფლებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის „დაპაუზებით“ და 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებით, მმართველი პარტია „პირნათლად ასრულებდა“ 19 აპრილის შეთანხმების თითოეულ პუნქტს.
შეთანხმების იმ ნაწილზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ს ვერ მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, კობახიძემ განაცხადა – „მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს“.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ იმ ოპოზიციური პარტიების ჯამური მხარდაჭერა, რომელთაც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, 2020 წლის ოქტომბერში 10% იყო. საარჩევნო ბლოკი – ენმ-ძალა ერთობაშია, პატრიოტთა ალიასი, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია ის ოთხი საარჩევნო სუბიექტია, რომელთაც არჩევნებში საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, თუმცა შეთანხმებას არ შეუერთდნენ.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „რადიკალური ოპოზიციის“ იმ ნაწილის მიზანი, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მიერ 43%-ის მიღების შემდეგ, „პოლიტიკური საბოტაჟის“ გამეორება იყო. „რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ, პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს“, – დასძინა მანვე.
კობახიძისვე თქმით, „19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება“.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ქართული ოცნება დასავლელი პარტნიორების, ქართველი ხალხის, მშვიდობისა და სტაბილურობის „ღალატის“ გამო გააკრიტიკა და ოპოზიციურ ძალებს კონსულტაციის დაწყებისკენ მოუწოდა. მანვე არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი გამორიცხა.
გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იგი პარლამენტს ტოვებს. მანვე აღნიშნა, რომ „ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალზე“. „ასე მყარდება დიქტატურა“, – ხაზი გაუსვა ჯაფარიძემ.
„დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტკური ორიენტაცია შეიცვალა. იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა, რეალურად“, – თქვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- შარლ მიშელი: ევროკავშირის დახმარება სასამართლო რეფორმაზეა დამოკიდებული
- ევროკავშირის თქმით, მოსამართლეთა დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება
- ბლინკენი: „ღრმად შეშფოთებულნი“ ვართ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გამო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)