არასამთავრობოები: ქართული ოცნების გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს

ოცზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, 19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლას ერთობლივი განცხადებით ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიული რეფორმების „მშვიდობიან განვითარებაზე“ უარის თქმაა.

უფლებადამცველებისვე განცხადებით, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კრიზისსა და პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს და ის „ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს“.

მათივე თქმით, ხელისუფლება მზად არის, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას „შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“.

სხვებთან ერთად, ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „ღია საზოგადოების ფონდი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი.


დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან 100 დღის თავზე, ოპოზიციონერი დეპუტატების „ნახევარზე მეტს“ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, „აშკარაა, რომ მან თავი ამოწურა“ და, შესაბამისად, ის „ანულირებულია“. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ოპოზიციური სპექტრის კრიტიკა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)