19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა
დღეს ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებიდან გადის და ის „ანულირებულია“. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ შეთანხმებიდან 100 დღის თავზე, ოპოზიციონერი დეპუტატების „ნახევარზე მეტს“ დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია და „აშკარაა, რომ მან თავი ამოწურა“. მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური სპექტრის კრიტიკა მოჰყვა.
ქვემოთ ოცნების შეთანხმებიდან გასვლაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეფასებებია მოცემული:
თინა ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ფაქტი ჯიუტია, რომ ეს 43% ქართული ოცნებისთვის წარმოადგენდა ძალიან დიდ საფრთხეს და ამით ჰგონიათ, რომ აიცილეს ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა. ამ დოკუმენტიდან გასვლის შემთხვევაშიც, ხელმეორედ ხელმოწერის შემთხვევაშიც და ნებისმიერი სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ქართული ოცნების მიმართ უკვე არსებობს მოლოდინი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი [და] აუცილებლად ჩატარდება“.
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი/საპარლამენტო ფრაქცია – შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი: „სამწუხაროდ, ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ქვეყანა ეს არის სათამაშო მის ხელში და ამას ჩვენც არ ველოდით. ალბათ, არც არავინ ელოდა, თუ ასეთ თავხედურ ქმედებას ექნებოდა მათი მხრიდან ნაბიჯი. მე ამ გადაწყვეტილების შემდგომ მაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაცია და კომუნიკაცია და ახლა არის დრო დავიწყოთ იმ მექანიზმების ფართომასშტაბიან ამოქმედებაზე მუშაობა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობას უნდა მოჰყვეს. ეს შეიძლება იყოს ბევრი რამ, მათ შორის, სანქციებზე ვსაუბრობდით და, ალბათ, უფრო დაჩქარდება პერსონალური სანქციების საკითხი… მათ არ აწყობთ 43%-იანი ბარიერი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამ ბარიერის და ამიტომაც ჩააგდეს ეს დოკუმენტი. ოპოზიციის ფლანგს მინდა მივმართო – იმედი მაქვს ახლა მაინც არ დაიწყებთ გარჩევ-გამორჩევას, რა კარგი იყო და რა იყო ცუდი, რა იყო სწორი და არასწორი. ჩვენ ცივი გონებით უნდა განვსაჯოთ“.
ლევან იოსელიანი – მოქალაქეები: „მიმაჩნია, რომ ქართული ოცნების ეს ნაბიჯი არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იმ ძალისხმევასთან მიმართებით, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმებაში ჩაიდო. წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ, პოლიტიკურმა სპექტრმა იმისათვის, რომ ეს შეთანხმება მიღწეული ყოფილიყო და ქართულმა ოცნებამ ცალმხრივად თქვა ამაზე უარი“.
ხათუნა სამნიძე – „რესპუბლიკური პარტია/საპარლამენტო ფრაქცია – შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი: „შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! 5 ივლისის მერე ამას ცდილობენ. ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას – საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატებიც აკრეს – არაფერმა არ უშველა. მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი ჭკუა არ ჰყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო და გადაწყვიტეს. ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების! ესაა მათი მიზანიც – სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის! არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!“.
დავით ბაქრაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „დღეს ქართულმა ოცნებამ გაავლო გამყოფი ხაზი, რომლის ერთ მხარესაც მარტო დარჩენილი მმართველი გუნდი და რუსული მომავლის საფრთხეა, ხოლო მეორე მხარეს ერთად უნდა ვიდგეთ ქართული საზოგადოება, ოპოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თითოეული ჩვენგანის ვალია, არ დავუშვათ ჩვენს მეგობრებთან დაპირისპირების და დასავლური კურსიდან გადახვევის შესაძლებლობა. შექმნილ უმწვავეს ვითარებაში აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან მოქმედება გაასმაგებული პასუხისმგებლობით და გონიერებით… ჩემი პირველი ადამიანური და პოლიტიკური რეაქცია ამ ნაბიჯზე გახლავთ პარლამენტის დატოვება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირება. მაგრამ კარგად მესმის ისიც, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, როგორც პოლიტიკოსს და ამიტომ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოორდინირების, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ცალმხრივად ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებ“.
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ადასტურებს პირველი – იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორად, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე – კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი. რაც ყველაზე უფრო მთავარია, ეხლა ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ეს სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმით მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოჰყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან“.
შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია: „[ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი], რა თქმა უნდა, არც ახლა იტყოდა უარს გადაგდებაზე და ძალაუფლების კიდევ ერთხელ შემომტკიცებაზე კრემლთან შეთანხმებული სცენარებით. არსებობს რამდენიმე გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან – ჩვენ უნდა დავიწყოთ დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა; პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ეს ბოროტებისა და უბედურების სასახლე; ჩვენმა მოკავშირეებმა – ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დააყადაღოს და დააპატიმროს ბიძინა ივანიშვილის ყველა კრიმინალური მილიარდი“.
ასევე წაიკითხეთ:
- არასამთავრობოები: ქართული ოცნების გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს
- ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)