აშშ-ის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია ქართული ოცნების შეთანხმებიდან გასვლით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ აშშ „ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე ქართული ოცნების „ცალმხრივი გადაწყვეტილებით“ და განმარტავს, რომ მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება „უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს ქართული ოცნების ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი“.

„ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო“, – ნათქვამია საელჩოს 29 ივლისის განცხადებაში.

საელჩოს განმარტებით, რთული ერთობლივი ექვსთვიანი მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებული დოკუმენტი, რომელსაც სულ მცირე 6 პარტიის 115-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი, „წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას“.

საელჩო შეთანხმებაზე ხელმომწერებს ახსენებს, რომ მათ პირობა დადეს ქვეყანაში არსებული „ღრმა პოლარიზაციის შესამცირებლად, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს აფერხებს“. საელჩო ასევე ხაზს უსვამს, რომ ქართული ოცნების მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა მისი „შინაარსისა და სულისკვეთებიდან“ კიდევ ერთი გადახვევაა.

„ყველა ხელმომწერმა პასუხი უნდა აგოს ხელშეკრულების ფარგლებში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებზე, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ დაჟინებით მოთხოვნას, რომ ყველა პარტიამ ხელი მოაწეროს და სრულად შეასრულოს შეთანხმება“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო ასევე განმარტავს, რომ შეთანხმება „მნიშვნელოვანი გზამკვლევია“ იმ რეფორმებისთვის, რომლებიც „საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესამცირებლად, საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გასაგრძელებლად“.

„ეს რეფორმები, რომლებიც უნდა იყოს ინკლუზიური, მრავალპარტიული პროცესის შედეგი, კვლავაც სასწრაფო და აუცილებელია“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ „საქართველოს ინტერესები საუკეთესოდ იქნება დაცული“, თუ „რეფორმების საკითხები განხორციელდება მრვალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთი პარტიის ცალმხრივი მოქმედების შედეგად“.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ციკლის დასრულებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის აშშ ამ რეფორმების განხორციელებაში დროულ პროგრესს ყველაზე „პასუხისმგებლიან“ გზად მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ „დესტაბილიზაციისა და განხეთქილების გამომწვევ ქმედებებს სარგებელი მოაქვს მხოლოდ მათთვის, ვინც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიის სტაბილურობასა და წარმატებას“.

დასასრულს აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს, „ყველა პარტიას, მათ შორის, ქართულ ოცნებას, ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ერთა ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)