შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლის შემდეგ შარლ მიშელი პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 29 ივლისს განაცხადა, რომ ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ იგი ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.
პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ მან ქართული ოცნების შეთანხმებიდან გასვლა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერაზე უარი „თანაბრად“ გაითვალისწინა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი კვლავაც დარწმუნებულია, რომ მისი მედიაციის შედეგად 19 აპრილს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება „რეფორმების დღის წესრიგის გაუმჯობესების საუკეთესო გზაა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ზრდას“.
„განგრძობადი, სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმის, ასევე თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ალტერნატივას ვერ ვხედავ“, – განაცხადა მან და მოუწოდა ყველა პარტიას, რომ „ყველაფერზე წინ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დააყენონ“.
ქართული ოცნების მიერ შეთანხმების დატოვების შემდეგ, იმავე საღამოს პრეზიდენტმა მიშელმა შექმნილი სიტუაცია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განიხილა.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციის თითქმის ორთვიანი პროცესი 19 აპრილის შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი უნდა დაესრულებინა, რომელიც ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარებასა და ახალი პარლამენტის ბოიკოტს მოჰყვა.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია ქართული ოცნების შეთანხმებიდან გასვლით
- აშშ 19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლას ეხმიანება
- არასამთავრობოები: ქართული ოცნების გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)