ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი გახდა
26 წლის ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა.
+100 წონით კატეგორიაში თუშიშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ფინალში ჩეხ მეტოქე ლუკას კრპალეკისთან დამარცხდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე, თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარაზე ტამირლან ბაშაევს სძლია.
ეს გურამ თუშიშვილის პირველი ოლიმპიური ჯილდოა. იგი ძიუდოში მსოფლიოს ერთგზის და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია.
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ეს ქართველი ძიუდოისტების რიგით მეოთხე მედალია. მანამდე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლი მედლები ლაშა ბექაურმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
- ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა
- საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედლები მოიპოვა
ამით ქართველმა ძიუდოისტებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალური ასპარეზობა დაასრულეს. 1 ოქრო და 3 ოლიმპიური ვერცხლი ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. საქართველოს ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილს იაპონია იკავებს.
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე სპორტის 11 სხვადასხვა სახელობაში ჯამში 35 სპორტსმენით ასპარეზობს. ოქროს მედლის მფლობელს საქართველოს მთავრობა საჩუქრად 1 მლნ ლარს გადასცემს.
„ტოკიო 2020“-მა სტარტი 23 ივლისს აიღო და ის 8 აგვისტოს დაიხურება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)