მწერლები კულტურის მინისტრს ცენზურის მცდელობაში ადანაშაულებენ

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ლიტერატურულ კონკურს „ლიტერას“ მონაწილე მწერლები და ჟიურის წევრები მასობრივად ეთიშებიან. ისინი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ცენზურის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ისინი ჟიურის წევრად კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის, პუბლიცისტ იოსებ ჭუმბურიძის დანიშვნას აპროტესტებენ. ლიტერატურულ კონკურსს უკვე გამოეთიშა მონაწილე 100-მდე მონაწილე მწერლიდან 17, რომელთა ნამუშევრებიც 6 სხვადასხვა კატეგორიაში იყო წარდგენილი. ამასთან, კონკურსის ჟიურის წევრობაზე უარი თქვა ხუთიდან ოთხმა წევრმა – ლელა კოდალაშვილმა, რეზო თაბუკაშვილმა, ბელა წიფურიამ და ოქტაი ქაზუმოვმა.

საქართველოს პენცენტრმა, რომელიც 70-ზე მეტ მწერალს აერთიანებს, კულტურის მინისტრს მის მიერ დანიშნული ჟიურის წევრის „დაუყოვნებლივ“ უკან გახმობისკენ მოუწოდა. პენცენტრის თქმით, 2015 წელს პრემიის დაარსებიდან დღემდე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ დანიშნა.

პენცენტრმა დაგმო მინისტრის „მსგავსი თავხედური ჩარევა“ და „ცენზურის დაწესების მცდელობა“ და ხაზი გაუსვა, რომ ისინი მწერლობაზე „პარტიული კონტროლის დაწესებას“ არ დაუშვებენ.

„წულუკიანმა კულტურული ჟანდარმერიის შემოყვანა გადაწყვიტა და მოინდომა კულტურაზე კონტროლის ყველაზე ბნელი ტოტალიტარული ტრადიციების აღდგენა“, – ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში.

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ „ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ“. „მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად“, – ნათქვამია სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებაში.

„ქალბატონმა მინისტრმა საბჭოთა კაგებეს მეთოდს მიმართა და კაცი ჩაგვინერგა“, – თქვა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ლელა კოდალაშვილმა, რომელიც პროცესს უკვე გამოეთიშა. „ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ“, – დასძინა მანვე.

მწერალი ტორესა მოსი პირველი იყო, რომელმაც კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და ხაზი გაუსვა, რომ იგი კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. „წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან“, – დასძინა მანვე. მას დებიუტანტი მწერალი მათე სარალიშვილი მიჰყვა. „ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ“, – დაწერა მან.

კონკურსში ჩარევის მცელობის შესახებ ბრალდებები უარყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ კონკურსის ჩატარება სრულად მწერალთა სახლის პასუხისმგებლობაა და მასთან უწყებას „მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი“.

„სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს“, – განმარტეს კულტურის სამინისტროში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)