აგვისტო, 1921: საბჭოთა საქართველოში ქოლერის ეპიდემია მძვინვარებს

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 20 აგვისტო, N, სტამბოლი/პარიზი

ხოლერა

თუ დაპირების ასრულებას (პურს და საქონლის) ასე უჭირავთ ბოლშევიკ მოღალატეებს, სამაგიეროთ მათ უხვათ შემოაქვთ რუსეთის დაუშრეტელი „სიმდიდრე“ ხოლერა, ჭირი, სნება, ხურვება და სხვა ათასგვარი გადამდები სნეულებანი. იარაღი და საშუალება ამათი შემოტანის და გავრცელების არა ერთია, მრავალია: სიბინძურე, რომელიც მათ გადმონერგეს რუსეთიდან, წითელი ჯარი, რომლითაც აავსეს საქართველოს ქალაქები და სოფლები, მათ უკან ადევნებული ლტოლვილები და მრავალი სხვა.

ამ შემთხვევაში ბოლშევიკების „ნამუშევარი“ ზომაზე მეტათ „ნაყოფიერი“ გამოდგა. ხოლერა მოედო არა მარტო ქალაქებს, არამედ ისეთ სოფლებსაც, რომელნიც მთის კალთებზე და გაფანტულათ არიან გაშენებული. განა გაგონილა ოდესმე ხოლერა რაჭის მთებში, ან ცხინვალის ხეობაში? მაგრამ დღეს არც ერთი კუთხე არ არის საქართველოში, სადაც წითელი არმიის ბინძური რაზმი არ შესულიყოს და თან ყოველი სენი არ შეეტანოს.

და განაწამები, დამშეული ხალხი, გათელილი წითელ არმიელის მყრალი ჩექმებით, მისგანვე მოტანილი უსაშინლესი სენის მსხვერპლი ხდება.

საბჭოთა – გამყიდველების პრესა და აგიტპუნქტები კი გამომდგარან და მშიერ ხალხს უქადაგებენ: „ნამეტანს ნუ სჭამთ, ცოტა სჭამეთ და ხშირ-ხშირათ“. აი დაცინვა, რომლის უარესს თვით მეფისტოფელიც კი ვერ მოიგონებდა. საშინელ უბედურების წინაშე დგას საქართველოს სოფელი და ქალაქი და მხოლოდ ამ უბედურების მთავარი მიზეზის მოსპობას, „წითელი იმპერიალისტური ჯარის“ იქიდან გამოყვანას შეუძლია გადარჩენა ამ ძალმომრეობით დამონავებული ხალხის.

ქალაქებში, სადაც მცხოვრებლები ხელოვნურათ შეაქუჩეს ერთათ და შეყარეს ვიწრო ბინებში ბოლშევიკების კომისრებმა, ხოლერა  თავის მსხვერპლს ხომ აუარებელს პოულობს. და აქაც იგი პირველ ყოვლისა სცელავს მუშათა და დაბალ ინტელიგენციის წრეებს, ესე იგი სოციალისტურს და დემოკრატიულ ელემენტებს, რომელთა სახელით თითქოს მოქმედებს „მუშათა და გლეხთა რესპუბლიკა“.

რა, რა არ ჩაიდინეს ამ მაღალი სახელწოდებით მუხანათმა კომუნისტებმა, რუსეთის ანარქიას გადააბეს საქართველო და შიგ რუსეთის ჯოჯოხეთი დაატრიალეს. ამას ვერასოდეს ვერ დაივიწყებს ქართველი ხალხი! იგი კვნესის, გმინავს და ერთს მოითხოვს: მოგვაშორეთ ეს სულთამხუთავები! მოგვეცით საშვალება ჩვენ თავს მოვუაროთ.

და ეს ხმა უნდა გაგონილ იქნეს!