პოლიტიკური რეიტინგები და ადგილობრივი არჩევნები IRI-ს კვლევაში
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტების 62% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის (2021 წ. თებერვალში – 59%), ხოლო გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება (2021 წლის თებერვალი – 30%).
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა.
აღსანიშნავია, რომ რადგანაც კვლევა ივნისში ჩატარდა, შედეგები ბუნებრივია არ აირეკლავს 5-6 ივლისის ჰომოფობიური ძალადობას თბილისში, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას საეჭვო გარდაცვალებასა და 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე ქართული ოცნების მიერ 28 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას.
- „თბილისი პრაიდმა“ ღირსების მარში გააუქმა
- „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები მასობრივად თავს ესხმიან ჟურნალისტებს
- ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს
მნიშვნელოვანი საკითხები – ეკონომიკა
რესპონდენტების 16%-განაცხადა, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხოლო 30%-მა აღნიშნა, რომ ის გარკვეულწილად გაუარესდა. გამოკითხულთა 45%-ისთვის ის უცვლელი დარჩა და მხოლოდ 7%-ისთვის გაუმჯობესდა.
ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემათა შორის რესპონდენტების 45%-მა უმუშევრობა დაასახელა; შემდეგ მოდის ფასების ზრდა (20%) და სიღარიბე (8%).
რაც შეეხება ოჯახების წინაშე არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს, გამოკითხულთა უმუშევრობა 28%-მა, ფასების ზრდა — 25%-მა და სიღარიბე 8%-მა დაასახელა. გამოკითხულთა 7%-მა ჯანდაცვა, ხოლო 3-3%-მა პენსიები და საცხოვრებელი დაასახელა.
ადგილობრივი არჩევნები
კითხვაზე, თუ რომელ პარტიას დაუჭერდნენ მხარს 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე, გამოკითხულთა 28%-მა პირველ არჩევნად ქართული ოცნება დაასახელა. 15%-მა ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 9%-მა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ გამოუცხადა მხარდაჭერა. ეს უკანასკნელი მეორე არჩევნად ყველაზე მეტმა, 9%-მა დაასახელა. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 18%-მა განაცხადა, რომ არ იცის, 6%-მა უარი თქვა პასუხზე, ხოლო 4%-მა აღნიშნა, რომ ბიულეტენს გააფუჭებს.
კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში, რესპონდენტების 30%-მა ნაციონალური მოძრაობა დაასახელა, 24%-მა – ქართული ოცნება, ხოლო 10-10%-მა – გირჩი და პატრიოტთა ალიანსი.
გამოკითხულთა 14%-მა განაცხადა, რომ მოახლოებული არჩევნები აუცილებლად იქნება თავისუფალი და სამართლიანი; 38%-მა განაცხადა, რომ შესაძლოა იყოს სამართლიანი; 25%-ის თქმით, შესაძლოა არ იყოს სამართლიანი, ხოლო 13%-მა აღნიშნა, რომ ნამდვილად არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი.
რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რესპონდენტების 51% მხარს უჭერს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, ხოლო 39% არ უჭერს მხარს. 10%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
გამოკითხულთა 62% ამბობს, რომ მათ სმენიათ ევროკავშირის შუამავლობით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ და მათგან 77% ეთანხმება პარტიების გადაწყვეტილებას შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნებისა და გახარიას პარტიის მხარდამჭერებმა მოიწონეს.
რესპონდენტების 41% ენდობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო 43%-ს არანაირი ან მცირე ნდობა აქვს მის მიმართ.
საჯარო ფიგურები და ინსტიტუციები
კვლევის შედეგებით, საზოგადოება ყველაზე დადებითად – 88%-ით კვლავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აფასებს; მას 58%-ით დედაქალაქის მერი კახა კალაძე და 56%-ით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსდევენ. მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს გამოკითხულთა 40% დადებითად, ხოლო 54% უარყოფითად აფასებს. მეხუთე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელიაა, რომლის მიმართ რესპონდენტების 39% დადებითად, ხოლო 54% უარყოფითადაა განწყობილი.
გამოკითხულთა 31% დადებითადაა განწყობილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ხოლო 65% – უარყოფითად. რესპონდენტების 25% დადებითად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ხოლო 40% – უარყოფითად. 15%-ს კუჭავას სახელი საერთოდ არ გაუგია.
ინსიტიტუციებისადმი საზოგადოების ნდობით 85%-ით პირველ ადგილს ჯარი იკავებს, მას 80%-ით ეკლესია მოსდევს, რომლის მიმართაც გამოკითხულთა 14% უარყოფითადაა განწყობილი. რესპონდენტების 76% და 65%, შესაბამისად, დადებითად აფასებს იუსტიციის სახლებსა და პოლიციას. საქართველოს პარლამენტს და პრემიერ-მინისტრის აპარატს 39%-იანი მხარდაჭერა აქვთ, ხოლო სასამართლოების მიმართ გამოკითხულთა 33%-ია დადებითად განწყობილი (58% სასამართლო სისტემას უარყოფითად აფასებს).
რესპონდენტების 77%-მა განაცხადა, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა. კითხვაზე კმაყოფილები არიან თუ არა ისინი ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დონით, 11%-მა განაცხადა, რომ დიდწილად ეთანხმება ამ მოსაზრებას, 34% – გარკვეულწილად ეთანხმება (ჯამში 45% ეთანხმება), ხოლო 29% და 22%, შესაბამისად, კატეგორიულად არ ეთანხმება და გარკვეულწილად არ ეთანხმება (ჯამში 51% არ ეთანხმება).
გამოკითხულთა 61%-მა განაცხადა, რომ საქართველო უფრო მეტად მიდის პოლარიზაციისკენ. აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 97%-მა, აღნიშნა, რომ პოლარიზაცია ქვეყნის პოლიტიკისთვის ცუდი მოვლენაა.
პოლიტიკური პარტიები
გამოკითხულთა 72%-მა განაცხადა, რომ სატელევიზიო თოქ-შოუები პოლიტიკური პარტიების გზავნილების გასაცნობად საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს; შემდეგ მოდის სოციალური მედია 16%-ით.
კითხვაზე, რომელი პოლიტიკა განაპირობებს მათ არჩევანს, რესპონდენტების 67%-მა პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელა, 48%-მა კი – პარტიის ხედვა ჯანდაცვის და სოციალური უსაფრთხოების სფეროებში (რესპონდენტებს 2 პასუხის არჩევა შეეძლოთ).
გამოკითხულთა 65%-მა განაცხადა, რომ სულ ცოტა ერთი პოლიტიკური პარტია არსებობს, რომელიც სრულად ან გარკვეულწილად წარმოადგენს მათ ინტერესებს; 31%-მა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა.
რესპონდენტების 77% ეთანხმება განცხადებას, რომ ქართული დემოკრატიისთვის ხელისუფლებაში რამდენიმე პარტიის ყოფნა უფრო ჯანსაღია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)