პატრიარქი პრემიერს ეკლესიისთვის ანჩისხატის დაბრუნებას სთხოვს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანისთვის გაგზავნილ წერილში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაბრუნებას ითხოვს.  

პატრიარქის თქმით, ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა „დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი“.  

„ვიმედოვნებთ, მის დაცვას ერთობლივად უზრუნველვყოფთ, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს“, – ნათქვამია წერილში.

პატრიარქმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წელს ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავი აღინიშნება და „თქვენ მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი“.  

ეკლესია ანჩისხატის დაბრუნებას წლება ითხოვს. თუმცაღა აღსანიშნავია, რომ კათალიკოს-პატრიარქის ეს წერილი ხელოვნების მუზეუმისა და მის ისტორიული შენობის მომავალზე გაჩაღებულ დისკუსიასა და ასევე, 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისწინა ციებ-ცხელებას დაემთხვა.

კონტექსტი

კულტურის სამინისტროს მიერ მანამდე გაკეთებულმა ბუნდოვანმა განცხადებებმა, რომლის თანახმადაც ხელოვნების მუზეუმის შენობის ნაწილის აღდგენა „არარენტაბელურია“, ასევე მისმა გეგმებმა ექსპონატების ევაკუაციის თაობაზე გარკვეული საზოგადოების ერთ ნაწილს კითხვები გაუჩინა, თუ რა ბედი ეწევა მუზეუმს, მის 1830-იან წლებში აგებულ შენობას და იქ დაცულ უმნიშვნელოვანეს საგანძურს. 

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ  „ერთადერთი ინტერესი, რომელსაც მე ახლა ვხედავ არის რაღაც გარიგება სახელმწიფოს და საპატრიარქოს შორის და არის ძალიან დიდი ეჭვი, რომ ის ნაწილი ოქროს ფონდის, რომელიც არის სასულიერო ფუნქციის გადადის საპატრიარქოში“. ამაშუკელი ეჭვობს, რომ საპატრიარქოს შესაბამისი რესურსები არ გააჩნია მსგავსი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. 

გუშინ, 3 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ექსპონატები მუზეუმს დაუბრუნდება. მან იქვე დასძინა, რომ სამინისტრო ექსპონატების დროებით განთავსებისთვის მუზეუმის შენობის მახლობლად მდებარე ორ ადგილს განიხილავს.   

გუშინვე, მინისტრი საპატრიარქოს წარმომადგენელს შეხვდა, სადაც მხარეებმა ხელოვნების მუზეუმში დაცული „ოქროს ფონდის“ შესახებ იმსჯელეს. 

ქრისტიანული წყაროებით,ანჩისხატი ქრისტეს „ხელთუქმნელი ხატია“. ხელოვნების ისტორიკოსების თქმით, ხატი შუა საუკუნეების ნიმუშს წარმოადგენს. შუა საუკუნეებში, ხატი საქართველოს სამეფოს ისტორიულ მხარეში, კლარჯეთში (დღევანდელ თურქეთში), ანჩის საეპისკოპოსოში ინახებოდა. მოგვიანებით, მე-17 საუკუნეში, ოსმალთა მიერ ამ ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხატი თბილისში გადმოიტანეს. მას შემდეგ, ის ანჩისხატის სახელობის ეკლესიაში ინახებოდა, სანამ ადრეულ საბჭოთა წლებში მას ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გადაიტანდნენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)