ლაშა ტალახაძემ საქართველოს ტოკიოს თამაშებზე მეორე ოქრო მოუტანა
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე +109 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა და ქვეყანას მეორე ოქრო მოუტანა.
ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 488-კილოგრამიანი შედეგი აჩვენა, რაც მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია და 3 კილოთი აღემატება მისსავე წინა რეკორდს. ატაცში ტალახაძემ 223 კილოგრამი ასწია, რითაც ასევე გააუმჯობესა თავისი 222კგ მსოფლიო რეკორდია, ხოლო აკვრაში 265 კილოგრამი, რითაც თავისი წინა 264კგ. რეკორდს სძლია.
27 წლის ქართველმა სპორტსმენმა მეორეადგილოსანი ირანელი ალი დავუდი მთელი 47 კგ-ით ჩამოიტოვა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს სპორტსმენი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. პირველი ოქრო ტალახაძემ 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.
ტალახაძის ოქრომ ტოკიოში საქართველოს მიერ მოპოვებული მედლების რაოდენობა 7-მდე გაზარდა – ქვეყანას მიმდინარე ოლიმპიადაზე – ორი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო აქვს.
ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავემ 130 კგ წონით კატეგორიაში, იაკობ ქაჯაიამ 2 აგვისტოს ვერცხლის მედალი მოიპოვა. ძალოსანი ანტონ პლესნოი 96 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მანამდე, ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა 90 კგ წონით კატეგორიაში.
თავი ისახელეს სხვა ძიუდოისტებმაც: გურამ თუშიშვილმა 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, შესაბამისად, 66 კგ და 73 კგ წონით კატეგორიებში, მოიპოვეს ვერცხლის მედლები.
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე სპორტის 11 სხვადასხვა სახეობაში ჯამში 35 სპორტსმენით ასპარეზობს. ოქროს მედლის მფლობელს საქართველოს მთავრობა საჩუქრად 1 მლნ ლარს გადასცემს.
- მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ საქართველოს კიდევ ერთი ოლიმპიური ვერცხლი მოუტანა
- ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი გახდა
- ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ოქროს მფლობელი გახდა
- საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედლები მოიპოვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)