ევროკომისია: საქართველო კვლავაც აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს

ევროკომისიის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავაც ასრულებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს და მან უკვე გადადგა ნაბიჯები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ამასთან, ანგარიში ქვეყანას ოთხპუნქტიან სარეკომენდაციო გეგმასაც აძლევს.

4 აგვისტოს გამოქვეყნებულ მეოთხე შეფასებით ანგარიშში ევროკომისია მიესალმა საქართველოს კარგ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან უსაფრთხოებისა და რეადმისია-დაბრუნების საკითხებზე, ასევე პოლიციის მეკავშირე ოფიცრების მეშვეობით ინფორმაციის გაცვლის თაობაზე წევრ ქვეყნებთან (მათ შორის ავსტრიასთან, ბელგიასთან, ფინეთთან, ესპანეთთან და შვედეთთან) თანამშრომლობას.  

დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინა ანგარიშის კვალად, საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოსაგვარებლად და განაგრძო საინფორმაციო კამპანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლებებსა და ვალდებულებებზე.  

რეკომენდაციები  

ანგარიშის თანახმად, საქართველომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას ოთხი მიმართულებით, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის განაცხადების საკითხის მოგვარება, ანტი-კორუფციული ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდა, უზენაესი სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმის ბოლომდე მიყვანა და ქვეყნის სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის სავიზო სისტემასთან დაახლოება.   

რაც შეეხება თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ პროაქტიული ზომები უნდა მიიღოს, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიების წარმოების გზით. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, პანდემიის ფონზე, წინა წელთან შედარებით, წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის თხოვნის განაცხადების რაოდენობა 60%-ით, 8 860-მდე შემცირდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველომ უნდა გააუმჯობესის ანტი-კორუფციული ინსტიტუტებისა და სამართალდამცველი ორგანოების ეფექტიანობას, რათა ისინი უკეთ გაუმკლავდნენ ელიტურ კორუფციას.   

ევროკომისიამ ხაზი გაუსვა უზენაესი სასამართლოს რეფორმის დასრულების მნიშვნელობასაც, რათა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა შესაბამისობაში მოვიდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროპულ სტანდარტებთან. ამას გარდა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჭიროა დასრულდეს პროკურატურის რეფორმა, მათ შორის გაიმიჯნოს გამომძიებელთა და პროკურორთა ფუნქციები; ბოლომდე მივიდეს ფინანსური დაზვერვის სამსახურების ოპერაციული განვითარება და გაგრძელდეს ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, უკანონო საქმიანობიდან მიღებული სარგებლის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციისკენ მიმართული ძალისხმევა.  

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს საკუთარი სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)