პუტინმა მხარი დაუჭირა ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგ მოქალაქეობის რეჟიმს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა შეთანხმების პროექტს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ორმაგ მოქალაქეობის რეჟიმსა და რეგიონის მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებულ პროცედურებს ითვალისწინებს.  

პუტინის მიერ 4 აგვისტოს გამოცემული განკარგულება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალებს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ერთი ხელმომწერი მხარის მოქალაქეები თავიანთ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე შეძლებენ მიიღონ „მეორე ქვეყნის“ მოქალაქეობა. 

შეთანხმების პროექტის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურს იქ გაივლიან, სადაც გაწვევის დროს მუდმივად ცხოვრობენ. ამას გარდა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები, რომლებმაც სამხედრო სამსახური ერთ-ერთ მხარეს უკვე გაიარეს, მეორე მხარეს გაწვევისაგან თავისუფლდებიან. 

ამასთან, პუტინის განკარგულება საგარეო უწყებას ნებას რთავს მხოლოდ ისეთი ცვლილებები შეიტანოს შეთანხმებაში, რომელთაც არ ექნებათ „პრინციპული ხასიათი“.  

ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ შეთანხმება რეგიონის მოსახლეობას ცხოვრებას გაუმარტივებს, კერძოდ, ის მათ დამატებითი სოციალური გარანტიების მოპოვებაში დაეხმარება.  

ბიბილოვის თქმით, დოკუმენტის საბოლოო მიღება წლის ბოლომდე უნდა მოესწროს.  

პუტინის ნაბიჯის პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ შეთანხმების პროექტის დამტკიცება „მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას“ ნიშნავს. 

სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის „უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია“, 2008 წელს კი სწორედ აღნიშნული „არალეგიტიმური პროცესით“ უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)