ლიეტუვის მედია: ბალტიის ქვეყნებმა ღარიბაშვილი არ მიიღეს

ლიეტუვის ონლაინ გამოცემა „15min“ (15 წუთი) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ ვიზიტზე უარი უთხრეს და ამის მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისა და ლგბტ მოქალაქეების წინააღმდეგ 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეების დაუსჯელობა დაასახელეს.  

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში, გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მიღებაზე დიპლომატიური უარის თქმის შესახებ საპარლამენტო და სამთავრობო დონეებზე შეთანხმდა“.  

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების უარი 19 აპრილის შეთანხმების დატოვების თაობაზე ქართული ოცნების გადაწყვეტილებასაც უკავშირდება. ამასთან, იგი ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონის სიტყვებსაც იმოწმებს, რომლის თანახმადაც შეთანხმებიდან გამოსვლა „წითელი ხაზის უპრეცედენტო გადაკვეთაა“.  

სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი გაავრცელა, რომელიც უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ესტონეთმა და ლატვიამ ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს. სამინისტრომ ცნობას „სპეკულაცია“ უწოდა.

სამინისტროს თქმით, ვიზიტი, რომელიც თითქოსდა 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა, აღნიშნულ თარიღებში ვერ დაიგეგმებოდა, ვინაიდან „ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის“. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლიეტუვურ გამოცემას ვიზიტის თარიღებზე არ უსაუბრია.

ინფორმაცია ბალტიის ქვეყნების მიერ ღარიბაშვილისთვის ვიზიტზე უარის თქმის შესახებ ქართულ მედიაში ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება.  

სტატიაში, რომელიც ლიეტუველმა ჟურნალისტმა გინტარას რადაუსკასმა მოამზადა, საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, იმავე მიზეზით ვაშინგტონმაც არ მიიღო. ეს ცნობა რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ უარყო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)