ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს  

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით 2020 წლის სექტემბერში სამწლიანი პატიმრობა შეეფარდა, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ინფორმაცია ადვოკატმა „სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge) გუშინ დაუდასტურა.

მისი ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ მიიღო, რომელიც პატიმართა შუამდგომლობებსა და სასჯელის შემსუბუქების საკითხებს განიხილავს.  

ჩოლოიანის წინააღმდეგ გამოძიება 2019 წლის დეკემბერში, 15 წლის ყმაწვილის, ლუკა სირაძის შენობიდან გადახტომასა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაცვალებას მოჰყვა. მოზარდმა თვითმკვლელობა მას მერე სცადა, რაც პოლიციამ თბილისის ერთ-ერთი კერძო საშუალო სკოლის კედლებზე საღებავით უხამსი წარწერების გამო მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სირაძე სწორედ ჩოლოიანმა დაკითხა. 

საზოგადოების მწვავე რეაგირების შემდეგ საქმის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო, რომელიც პოლიციისა და საჯარო მოხელეთა შესაძლო დანაშაულებს სწავლობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა ჩოლოიანს სექტემბერში მიუსაჯა. მაშინ მას დამატებითი 2 წლით ჩამოერთვა სამართალდამცავ ორგანოებში საქმიანობის უფლება. ჩოლოიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რომელიც მოხელის მიერ განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის მიზნით მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას გუშინ „მძიმე მოულოდნელობა“ უწოდა როგორც ორგანიზაციისთვის, ისე ლუკა სირაძის ოჯახისთვის, რომლის ინტერესებსაც ის იცავს. საია-ს თქმით, საქმე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და არსებობს სასჯელის დამძიმების შესაძლებლობა, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილში კვლავ გრძელდება გამოძიება სხვა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. 

„იმ პირობებში, როდესაც ლუკა სირაძის საქმეზე ჯერ კიდევ არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ოჯახი ელოდება საქმის სრულყოფილ, სამართლიან გამოძიებას, მსჯავრდებული გამომძიებლის გათავისუფლება პროცესების მიმართ უნდობლობას იწვევს“, – განაცხადა ორგანიზაციამ და დასძინა, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება „აჩენს განცდას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შემწყნარებელნი არიან სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რომელსაც უდიდესი ტრაგედია მოჰყვა“.  

საიას-ს თქმით, ჩოლოიანის პირობით ვადამდე გათავისუფლება „უსამართლობის განცდას“ აჩენს და „სამართლიან კრიტიკას“ იწვევს, ვინაიდან  ამ მექანიზმის გამოყენება საქართველოში „როგორც წესი“ დაუსაბუთებლად, ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიუღებლად, გაჭიანურებულად მიმდინარეობს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)