თბილისი მოსკოვს „პროპაგანდისტული ნარატივის“ გამო აკრიტიკებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს რუსეთის საგარეო უწყების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა და მას „მორიგი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვის“ მცდელობა უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა 5 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შესახებ დასავლეთის განცხადებებს „რეალობას აცდენილი თეზისები“ უწოდა და მოუწოდა თბილისის უცხოელ პარტნიორებს, „უარი თქვან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში „რეინტეგრაციის“ უპერსპექტივო პოლიტიკაზე“. ბიკანტოვმა კვლავაც გააჟღერა რუსეთის ნარატივი, რომ ომის საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. მისივე თქმით, მოსკოვი მზადაა თბილისთან ურთიერთობები აღადგინოს „იმ მასშტაბით, რომელზედაც ქართული მხარეა მზად“.
„თუკი რამე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის შელახვა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის სწორედ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „არ არსებობს არანაირი პარალელური რეალობა“ და რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო სამართალი ერთიანია რუსეთის აგრესიული ქმედებების, ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესის პირისპირ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყების მიერ „ფეისბუქზე“ 4 აგვისტოს გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტიც გააკრიტიკა, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებამ „ხელი შეუწყო რუსეთის პოზიციების გამყარებას კავკასიაში და დანაწევრებული ქართული მიწების გაერთიანების დასაწყისი გახდა“.
საქართველოს საგარეო უწყებამ ამ პოსტს „ცინიკური და სრულიად მიუღებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „რუსეთმა, სწორედ ამ შეთანხმების დარღვევით დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ანექსია, სამხრეთ კავკასიაში მიწების მიტაცება“.
„სამწუხაროა რომ საუკუნეების შემდეგაც რუსეთის მიზნად სხვისი ტერიტორიების ანექსია რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.
- რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი მზადაა თბილისთან ურთიერთობები აღადგინოს
- აგვისტოს ომის წლისთავი: გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები საქართველოს მხარდაჭერას უდასტურებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)