საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა აგვისტოს ომის წლისთავს ეხმიანებიან
საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა 7 აგვისტოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავს განცხადებებით გამოეხმაურნენ.
აშშ-ის საელჩოს განცხადება
„ჩვენ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით მათ მოწოდებას, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებები კვლავ გაერთიანდნენ“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.
საელჩოს განცხადებით, „რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა“, მათ შორის, „ბორდერიზაციამ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ უკიდურესი გასაჭირი მოიტანა“. ამასთან, „ოკუპაციით გამოწვეული ადამიანური პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა კოვიდ-19 გლობალური პანდემიის პირობებში“.
საელჩომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, „რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება“. კიდევ ერთხელ მოუწოდა რა რუსეთს, რომ „უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება“, საელჩომ აჩნიშნა, რომ „აუცილებელია, რომ ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს სახლში მშვიდობით და ღირსეულად დაბრუნება“.
„ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ მხარდაჭერას ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მიმართ და აღვნიშნავთ, რომ გალის IPRM-ი მეტისმეტად დიდი ხანია, რაც შეჩერებულია და ის უნდა განახლდეს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ევროკავშრის წარმომადგენლობის განცხადება
„კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
აღნიშნა რა, რომ „ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვას“, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა, რომ „ეს უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. „ბორდერიზაციის“, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით“. მისიისვე განცხადებით, „გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს“.
„გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებით აღიარებულ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას უნდა მოჰყვეს სანდო და პასუხისმგებლიანი გამოძიებები, რათა მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით“, – ვკითხულობთ იქვე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)