პრემიერის თქმით, მერებსა და საჯარო მოხელეებს ხელფასები მოემატებათ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ორი თვით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან მერებსა და საჯარო მოხელეებს ხელფასები ეტაპობრივად მოემატებათ.
„ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს რეალობაში, ვუახლოვდებით რა არჩევნებს, არის მერების ხელფასები, რომელიც, მაგალითისთვის, შეადგენს დაახლოებით 1800-2000 ლარს, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილი და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „საჯარო მოხელეების ხელფასები წლების განმავლობაში არ გაზრდილა“ და დასძინა, რომ „სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას“, რადგანაც საჯარო სექტორი ვერ უძლებს კერძო სექტორთან კონკურენციას.
„გადაწყვეტილი გვაქვს გაორმაგება. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს, უზარმაზარ ქალაქს, ბათუმს და ხელფასი ჰქონდეს 2000 ლარი. წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)