საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10-წლიანი გეგმა წარადგინა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა 9 აგვისტოს ქვეყნის საგარეო მიმართულების 10-წლიანი გეგმა წარადგინა.
გეგმა სახელწოდებით – „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა – 10 მიზანი“ – ისეთ საკითხებს ფარავს, როგორებიცაა – ქვეყნის დეოკუპაცია, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული თანამშრომლობა, რუსეთთან ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის სხვა საკითხები.
„ჩვენი საქმიანობისთვის განმსაზღვრელია მთავარი მიზანი – საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასევე ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში – ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გეგმის პრეზენტაციისას დავით ზალკალიანმა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ აგრესიაზე, ასევე რუსული ოკუპაციის შედეგად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
„სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში საოკუპაციო ძალა ბერლინის კედლებს გვიშენებს საქართველოს შუაგულში, ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, – თქვა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ „საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ქმედითი ჩართულობით მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და ქვეყნის გამთლიანება“.
საგარეო უწყების მომდევნო 10 წლის განმავლობაში შემდეგი 10 მთავარი მიზნის მიღწევა აქვს გეგმაში:
- 2030 წლისათვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი. ხელშესახები პროგრესი უნდა იქნეს მიღწეული საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით;
- 2024 წელს უნდა განხორციელდეს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა, ხოლო შემდგომ, 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, გაწევრიანებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის კანონმდებლობის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანის მიმართულებით;
- უნდა განხორციელდეს ალიანსთან ერთად შემუშავებული გეგმის მიხედვით საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა;
- უნდა განხორციელდეს მეგობარ სახელმწიფოებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ფორმატებზე აყვანა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას დასავლელი პარტნიორებთან და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის ლობირებას;
- 10 წლის მანძილზე აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი ალიანსი – სამოკავშირეო ურთიერთობები გაძლიერებული სამხედრო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტებით;
- დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე ორიენტირებული და ურთიერთსასარგებლო რეგიონული პოლიტიკის გატარებით, სამხრეთ კავკასია უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის, კეთილმეზობლობისა და დინამიური განვითარების სივრცედ;
- აუცილებელია რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობის გაჩენა დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვითა და კონფლიქტის დარეგულირების რეალური პროცესის დაწყებით;
- მოხდება ევროკავშირთან დაკავშირებადობის დიალოგის დაწყება და შედეგად, 10 წლის შემდეგ, ამ კუთხით რეგიონში საქართველოს ლიდერად ქცევა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ფუნქციით;
- აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით საინვესტიციო შესაძლებლობების და უცხოური ინვესტიციების ზრდა, ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საინვესტიციო პროექტების ეფექტიანი რეალიზება; ქართული პროდუქციისთვის პრეფერენციული საექსპორტო პირობებისა და დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრების უზრუნველყოფა;
- 2030 წლისათვის საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი დიასპორა, ძლიერი ქართული კულტურულ – საგანმანათლებლო კერებით საზღვარგარეთ.
ასევე წაიკითხეთ:
- პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მიიღო
- საქართველო რუსეთს მოუწოდებს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)